“მომხდარი წუთიდან დღემდე, გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ, უწყვეტ კონტაქტზეა ოჯახთან, ვინტერესდებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს მივმართავთ მათი მხარდაჭერისთვის” – სიმღერის აკადემია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სიმღერის აკადემია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით,
სადაც ჩანს გუნდში, რომლის გამოსვლაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 10 წლის ბავშვი როგორ ეცემა და რასაც მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია, განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას ასახავს. ჩვენთვის, როგორც ბავშვებზე პასუხისმგებელი გუნდისთვის, თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უპირველესი ღირებულებაა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.

პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება ჩვენთვის უდიდესი ტკივილი და საფიქრალია. მომხდარი ფაქტი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან განიცადა.

თუმცა, გავრცელებული არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციები, თითქოს ბავშვი უყურადღებოდ შეგნებულად დარჩა პასუხუსმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. რეალობის სრულფასოვნად აღქმისთვის აუცილებელია განვმარტოთ შემდეგი გარემოებები:

| სატელევიზიო სპეციფიკა და ხედვა:

პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა. სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს – ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი.

| თანაგუნდელების მყისიერი რეაქცია:

მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგომი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას.

| ჩვენი ინიციატივით გადაგზავნილი ვიდეო:

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არის არა სატელევიზიო ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის ტელეფონით გადაღებული ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კადრების არსებობის შესახებ, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს აღნიშნული ვიდეო ბავშვის მშობლებს. ეს ნაბიჯი გადაიდგა ერთი მიზნით – მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ბავშვი მორიდების გამო რამეს დამალავდა.

საბედნიეროდ, გონების ხანმოკლე დაკარგვის შემდეგ, ბავშვმა თავი კარგად იგრძნო, სრულფასოვნად გააგრძელა თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა და გადაიღო სამახსოვრო ფოტოებიც.

მომხდარი წუთიდან დღემდე, გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ, უწყვეტ კონტაქტზეა ოჯახთან, ვინტერესდებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს მივმართავთ მათი მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გულგრილობა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე ჩვენი გუნდის ემოციურ მდგომარეობას.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გაგებისთვის”,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს გუნდში, რომლის გამოსვლაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 10 წლის ბავშვი როგორ ეცემა, რასაც მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოზარდის ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“ვინც მიცნობთ, ყველამ იცით, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. შეიძლება ყველაფერი მოვითმინო და ავიტანო, მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში ჩემი თმენის ზღვარი ნულის ტოლია.
გუშინ ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. როგორც უფროსებმა მოგვიანებით აღნიშნეს, დაცემის ხმა გაიგეს. გვერდით მდგომი გოგონა ანკასკენ იხრება, მაგრამ, თითქოს ანიშნეს, რომ გაეგრძელებინათ, და სიმღერაც გაგრძელდა.
სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა. სიმღერა დასრულდა და ბავშვები დაიხარნენ არა წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ, არამედ ანკას სიმაღლის მთელ პერიმეტრზე. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ შემთხვევის ოდნავ შემამსუბუქებელი ფაქტიც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ითქვა: დავინახეთ, რომ ბავშვი წამოჯდა, ვიფიქრეთ, არაფერი იყო და ამიტომ გავაგრძელეთო. ვერ წამოჯდა ბავშვი.
ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნატკენი, დღეს დავასურათებთ და ყველა საჭირო კვლევა აქვს ჩანიშნული, რათა ყველაფერი ცუდი გამოირიცხოს.
ახლა კი იმის თქმა მინდა, რაც ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამანახვა.

როგორმე უნდა შევუშვათ თავში, პირველ რიგში უფროსებმა, რომ ადამიანი უპირველესია. მასზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. და ახალ თაობას, რომელსაც, ჩვენდა გასაკვირად, ეს ხშირად ჩვენზე უკეთ აქვს გათავისებული, ნუ დავაძალებთ საპირისპიროს, ნუ ვასწავლით, რომ ადამიანის წინ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დადგეს.
სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ – ადამიანი, ბავშვი.
მერწმუნეთ, წარმატებულად შესრულებულ ნომერზე უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა დაინახოს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას. სიმღერა შეიძლება თავიდან შესრულდეს, ეთერი შეიძლება შეწყდეს და შემდეგ გაგრძელდეს, მაგრამ თანადგომის, თანაგრძნობისა და ადამიანზე ზრუნვის გაკვეთილი ის ფასეულობაა, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.
ის ვიდეო, რომელიც სიმღერის აკადემიამ ატვირთა, ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა, ბავშვებსაც და უფროსებსაც რომ დაენახათ ემპათია, თანაგრძნობა და ერთმანეთის შემჩნევის უნარი, რომ ადამიანი არის უპირველესი ფასეულობა.
მაგრამ ეს არ მოხდა. და სწორედ ეს არის ძალიან მტკივნეული.
პროფესიონალიზმი, ადამიანობის გარეშე ნულია.

P.s. ძალიან გთხოვთ, ბავშვებში ნუ ეძებთ პრობლემას. ბავშვები ემორჩილებიან უფროსების მითითებებს, ერთერთია – სახეზე ღიმილით უნდა იმღერონ. ყველა ბავშვს ჩემგან სიყვარული. არანაკლებ დასტრესილები არიან, მერწმუნეთ!”,- წერს ბავშვის ბებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები