ინგა ფხალაძე: „კომპანია BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად”
„საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ კომპანია BP-ის მიმართ სამი ათწლეულის განმავლობაში გამორჩეული პარტნიორობისა და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორსა თუ ზოგად განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ კომპანია BP-ს საქართველოში საქმიანობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე, BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად. ინგა ფხალაძის შეფასებით, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ადრეული განვითარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) მშენებლობითა და ექსპლუატაციაში შეყვანით, საქართველოს ძირითად საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფნებში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა BP-ის ჩართულობას.
„ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტებმა არამხოლოდ განამტკიცა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც მოუტანა საქართველოს – მათ ხელი შეუწყვეს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, მილსადენის მარშრუტების გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და, ზოგადად, ადგილობრივი თემების გაძლიერებას. საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის შედეგია” – განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველო კვლავაც იმ ინიციატივების მხარდაჭერის ერთგულია, რომლებიც აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ინოვაციებს და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადასვლის პროცესს.