“ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანი არის დიალოგი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ დიალოგისთვის”, – ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა, დასაფასებელია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობის პრინციპებით მობრუნდეს დიალოგი. სამართლიანობის პრინციპები რა თქმა უნდა დგას საქართველოს მხარეს და ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ცხადია, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, საუკეთესო გამოსავალი ამისთვის არის დიალოგი, მაგრამ ვინც დიალოგს გაურბის, ის გაურბის ამას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ობიექტურ პრინციპებზე დაფუძნებით სასაუბრო არ გააჩნია. ჩვენ ამ პროცესს ვხედავდით. დიპლომატიურ პასპორტებზე იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს მაშინ დიალოგს გაურბოდნენ ის ბიუროკრატები, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა.
ამიტომ პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ თუ კი კონკრეტული გადაწყვეტილებები ობიექტურ გარემოებებს, ობიექტურ შეფასებებს დაეფუძნება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები იქნება სასარგებლო პირველ რიგში ევრობიუროკრატებისთვის, რომლებმაც სამწუხაროდ კურსით გადაუხვიეს ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული სავიზო დიალოგის ფორმატში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.