გაერო – “თალიბანმა“ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის 30 ქალი დააკავა

გაერო-ს ქალთა სააგენტოს (UN Women) განცხადებით, ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰერატში, „თალიბანის“ ხელისუფლებამ ჰიჯაბის ტარების წესების სავარაუდო დარღვევისთვის სულ მცირე 30 ქალი დააკავა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავებებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

გაერო-ს ცნობით, დემონსტრაციის დაშლისას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო 20-ზე მეტი დაშავდა.

UN Women-ის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა ინციდენტმა ადგილობრივ ქალებსა და გოგონებში შიშისა და დაუცველობის განცდა გააძლიერა.

ამასთან, ჰერატის პროვინციის თალიბურმა ხელისუფლებამ ქალების დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო.

მედიის თანახმად, “თალიბანმა“ ავღანეთში ხელისუფლების დაბრუნების შემდეგ ქალებისა და გოგონების მიმართ არაერთი შეზღუდვა დააწესა, მათ შორის განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები