„დღე, როცა მუსიკა მოკვდა“ — ავიაკატასტროფა, რომელმაც მთელი ეპოქა შეცვალა
1959 წლის იანვრის მიწურულს ამერიკის შუაგულში ზამთარი განსაკუთრებით დაუნდობელი აღმოჩნდა. როკ-ენ-როლის ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომლებიც ტურნეში „Winter Dance Party“ მონაწილეობდნენ, ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიოდნენ. ორგანიზატორებმა ეკონომია გააკეთეს და მუსიკოსებს ძველი, გაუმართავი სასკოლო ავტობუსებით უწევდათ ათასობით კილომეტრის გავლა ქალაქიდან ქალაქში. ტემპერატურა სალონში ხშირად ნულს ქვემოთ ეცემოდა, რის გამოც ბადი ჰოლის დრამერს, კარლ ბანჩს, ფეხები მოეყინა და საავადმყოფოში აღმოჩნდა, თავად მუსიკოსები კი, გადაღლილობისა და გრიპისგან იტანჯებოდნენ.
აიოვაში, კლიარ-ლეიკის დარბაზში გამოსვლის შემდეგ, 22 წლის ბადი ჰოლიმ, რომელიც უკვე აღიარებული ნოვატორი და ტურნეს მთავარი ვარსკვლავი იყო, საბოლოოდ დაკარგა მოთმინება. მას უბრალოდ სურდა, მომდევნო კონცერტის ლოკაციაზე, მინესოტას ქალაქ მურიჰედში სხვებზე ადრე ჩასულიყო, რათა ტანსაცმელი გაერეცხა, თბილად დაეძინა და გამოჯანმრთელებულიყო. მან შეუკვეთა პატარა, ოთხადგილიანი თვითმფრინავი „Beechcraft Bonanza“, რომლის საფასურიც თითო მგზავრზე 36 დოლარს შეადგენდა, რაც სამი ადამიანისთვის ჯამში 108 დოლარი იყო. ხომალდი მურიჰედის მოსაზღვრედ, ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარე ფარგოს აეროპორტში უნდა დაფრენილიყო. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა მუსიკის ისტორია.

თვითმფრინავში ადგილი ცოტა იყო, ბედისწერამ კი, იმ ღამეს უცნაური თამაში წამოიწყო, რომელიც მოგვიანებით როკ-ენ-როლის ყველაზე მისტიკურ ლეგენდად იქცა. თავდაპირველად ბორტზე ბადი ჰოლის ბენდის წევრები, მათ შორის, ქანთრის მომავალი ლეგენდა უაილონ ჯენინგსი უნდა ასულიყვნენ. თუმცა, ჯეი პი რიჩარდსონმა, რომელსაც ამერიკა „The Big Bopper“-ის ფსევდონიმითა და ჰიტით „Chantilly Lace“ იცნობდა, მძიმე გრიპის გამო, ჯენინგსს ადგილი სთხოვა. როდესაც ჰოლიმ გაიგო, რომ ჯენინგსი ავტობუსით მიდიოდა, ხუმრობით უთხრა — იმედია, თქვენი ძველი ავტობუსი გაიყინებაო, რაზეც ჯენინგსმა ასევე ხუმრობით უპასუხა, იმედია, თქვენი თვითმფირნავი ჩამოვარდებაო — ფრაზა, რომელიც მას მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთად გაჰყვა.
ამავდროულად, 17 წლის ვუნდერკინდმა, რიჩი ვალენსმა ბორტზე მოხვედრა ძალიან მოინდომა და ბადის გიტარისტს, ტომი ოლსაპს, ადგილის ბედი მონეტის აგდებით გადააწყვეტინა. ვალენსმა მოიგო და სიხარულით თქვა, რომ ეს მისი ცხოვრების პირველი იღბლიანი შემთხვევა იყო.
აფრენის მომენტში, 3 თებერვლის ღამის პირველ საათზე, ამინდი მკვეთრად გაუარესდა. დაიწყო ძლიერი ქარბუქი, ხილვადობა თითქმის ნულამდე დაეცა. 21 წლის პილოტი, როჯერ პიტერსონი, გამოუცდელი აღმოჩნდა ასეთ ექსტრემალურ პირობებში, თანაც კომპანიამ მას არასწორი მეტეოროლოგიური პროგნოზი მიაწოდა. აფრენიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში თვითმფრინავის პილოტმა სივრცეში ორიენტაცია დაკარგა. ნაცვლად იმისა, რომ სიმაღლე აეკრიფა, მან ხომალდი პირდაპირ მიწისკენ მიმართა. პატარა თვითმფრინავი უზარმაზარი სიჩქარით დაენარცხა სიმინდის ყანას, რამდენჯერმე გადატრიალდა და ნამსხვრევებად იქცა. კატასტროფა იმდენად მყისიერი და ძლიერი იყო, რომ ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი მომენტალურად, ყოველგვარი ტანჯვის გარეშე გარდაიცვალა. მათი ცხედრები მხოლოდ თოვლიან დილას, რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს.

მსოფლიო შოკში იყო, მაგრამ იმ მომენტში ვერავინ აცნობიერებდა კატასტროფის ნამდვილ მასშტაბებს. ბადი ჰოლი არ იყო უბრალოდ მომღერალი, ის იყო ადამიანი, ვინც შექმნა კლასიკური როკ-ჯგუფის სტანდარტული სტრუქტურა, თავადვე წერდა საკუთარ სიმღერებს და იყენებდა უნიკალურ სტუდიურ ინოვაციებს. მისმა ფიგურამ უდიდესი შემოქმედებითი იმპულსი მისცა ოკეანის გაღმა მყოფ ორ მოზარდს — ჯონ ლენონსა და სტიუარტ სატკლიფს.
მათ ძალიან მოსწონდათ ბადის ჯგუფის დასახელება „The Crickets“ (ჭრიჭინები), რადგან ამ სიტყვას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა (მწერიც და სპორტის სახეობაც). ამ იდეით შთაგონებულებმა, გადაწყვიტეს სხვა მწერის სახელი მოეფიქრებინათ და ასე მივიდნენ ხოჭოებამდე („Beetles“). მოგვიანებით, ჯონ ლენონმა მასში ასო „a“ ჩაამატა, რათა შეექმნა გენიალური სიტყვების თამაში, რომელიც მუსიკალურ რიტმს — „Beat“-ს უკავშირდებოდა. ასე იშვა ლეგენდარული „The Beatles“, რომლის ფესვებიც პირდაპირ ჰოლის შემოქმედებით კონცეფციაში გადაიხლართა. ამავდროულად, რიჩი ვალენსის სიკვდილმა ჩანასახშივე შეაჩერა ლათინოამერიკული როკის განვითარება, რომელიც ათწლეულების შემდეგ ხელახლა უნდა აღმოცენებულიყო.
წლების განმავლობაში ეს ტრაგედია ამერიკული კულტურის მთავარ მითოლოგიად იქცა. 1971 წელს, როდესაც დონ მაკლინმა გამოუშვა თავისი მონუმენტური ჰიტი „American Pie“, მან ამ მოვლენას ოფიციალური სახელი შეარქვა: „დღე, როცა მუსიკა მოკვდა“. მაკლინისთვის ეს არ იყო მხოლოდ სამი ადამიანის ფიზიკური აღსასრული, ეს იყო მთელი ეპოქის დასასრული. ორმოცდაათიანი წლების ამერიკა, თავისი ნაივური, უდარდელი, ოპტიმისტური როკ-ენ-როლით, იმ ცივ ღამეს საბოლოოდ დასრულდა. მას შემდეგ მუსიკამ დაკარგა ბავშვური უმანკოება და დაიწყო სრულიად ახალი, უფრო ბნელი, რთული და პოლიტიზებული ერა.
