ვიქტორ ორბანი: ნატოს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ ვაპირებთ

უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატოს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ნატოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობის პოზიციისგან განსხვავდება. უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატოს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, რაც შეიძლება იმისგან განსხვავდებოდეს, რაც ჩვენ გვჯერა. რის შესახებაც დღევანდელ შეხვედრაზე გავამახვილეთ ყურადღება, არის ის, რომ (ნატოს) გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ელოდება, რომ ვაშინგტონში ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატოს წამყვან როლზე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების უზრუნველყოფასა და კოორდინაციაში, ასევე გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერაზე.

„ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია უკრაინაში. ნატოს სამიტზე მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატოს წამყვან როლზე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების უზრუნველყოფასა და კოორდინაციაში. ასევე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან გრძელვადიანი ფინანსურ მხარდაჭერაზე სამხედრო დახმარების მისაწოდებლად. ეს უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას და ანგარიშვალდებულებას, რომელიც უკრაინას სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ამ ძალისხმევაში და მე ვიღებ მის პოზიციას. მოხარული ვარ, რომ დღეს მე და პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით უკრაინის მიმართ ნატოს მხარდაჭერაში უნგრეთის არმონაწილეობის სახეზე. ამ ქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს არცერთი უნგრელი სამხედრო და არანაირი უნგრული ფინანსები არ იქნება გამოყენებული მათ მხარდასაჭერად. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება ამ ძალისხმევას და საშუალებას მისცემს სხვა მოკავშირეებს, წინ წაიწიონ. მან დაადასტურა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ნატოს წინაშე ვალდებულებების სრულად შესრულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები