თენგიზ ფხალაძე: როგორც ჩვენ გვაქვს უფლება მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, ასევე ჩვენს პარტნიორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყანასთან, როგორიც მათ სურთ

როგორც ჩვენ გვაქვს უფლება მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, ასევე ჩვენს პარტნიორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყანასთან, როგორიც მათ სურთ,- ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აღნიშნავს.

მისივე განცხადებით, საქართველოს უფლებაა, იქნება დემოკრატიული თუ ავტოკრატიული სახელმწიფო, ევროპული თუ არაევროპული და ა.შ., მაგრამ პარტნიორების უფლებაა, ურთიერთობა ექნებათ თუ არა ჩვენთან.

“როგორც ჩვენ გვაქვს უფლება მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, ასევე ჩვენს პარტნიორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყანასთან, როგორიც მათ სურთ.
ჩვენი საფეხბურთო ნაკრები მალე ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატში, რაც ისტორიული წარმატება და ჩვენი დიდი სიხარულია, მაგრამ წამით წარმოიდგინეთ, ჩვენ უცებ ვთქვათ, რომ არ მოგვწონს თქვენი წესები და ევროპის ჩემპიონატზე იმ წესებით ვითამაშებთ, რაც ჩვენ გვინდაო. თქვენი აზრით, რა მოხდება? ვინმე მისცემს ასეთ ნაკრებს თამაშის უფლებას?! ზუსტად იგივეა პოლიტიკაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებაა, ვიქნებით დემოკრატიული თუ ავტოკრატიული სახელმწიფო, ევროპული თუ არაევროპული და ა.შ., მაგრამ ჩვენი პარტნიორების უფლებაა, ურთიერთობა ექნებათ თუ არა ჩვენთან.

ჩვენ აქამდე ვამტკიცებდით, რომ გვინდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვიზიარებთ მათ ღირებულებებს და ეს კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორებიც ამ დამოკიდებულებების გათვალისწინებით ურთიერთობდნენ ჩვენთან. უფრო მეტიც, ჩვენ მათგან ვითხოვდით ფულს, მათ უამრავი რესურსი ჩადეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში, ასევე ჩვენი ქვეყანა დღემდე სარგებლობს მათი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით. დღეს კი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს წესები და ღირებულებები, რომლებისკენაც ამდენი ხანია მივდივართ, მისთვის მიუღებელია… ეს იგივეა მიხვიდეთ ბანკში, აიღოთ მიზნობრივი კრედიტი და მერე განაცხადოთ, ამ ფულს როგორც მინდა, ისე დავხარჯავ, ბანკს ვინ ჰკითხავსო… ეს ამდენი რესურსი და მხარდაჭერაც მიზნობრივი ინვესტიციაა… ვიმეორებ, თავისთავად ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტია როგორ ქვეყანას ავაშენებთ, თუმცა მათი გადასაწყვეტია, რა ურთიერთობა ექნებათ ამ ქვეყანასთან და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს. მათ თქვეს, რომ ვერ ექნებათ ძველებური დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, რომლის ხელისუფლებაც გამუდმებით ადანაშაულებს მათ შეთქმულების თეორიებში, არ იზიარებს მათ ღირებულებებს, ამიტომაც იწყებენ ურთიერთობების გადახედვას. რა არის ამაში გასაკვირი, რატომ არ მოსწონთ სანქციები თუ სხვა განცხადებები? ცალკარა თამაში არ გამოვა ამ ველზე. შეუძლებელია ყოველდღიურად აგინებდე და ლანძღავდე პარტნიორებს და მათგან პარტნიორობას მოითხოვდე, რომ ისევ დაგეხმაროს თავდაცვის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ა.შ. გაძლიერებაში”,- აღნიშნა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები