მესტიის მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
დღეს და ხვალ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მართავს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით: „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“. კონფერენციის მიზანია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა რეგიონში და ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობოის დაცვისა და განვითარების სტრატეგიების ჰარმონიზაცია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაცია 2011-2012 წლებში განხორციელდა. 2013 წელს მუზეუმი გაიხსნა ახალი ექსპოზიციით და განახლებული სახით შეუდგა მუშაობას. მუზეუმში რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება: დროებითი ექსპოზიციები, სამუზეუმო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციები და სხვა. აღნიშნულ კონფერენციაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ის, ICCROM-ის და IUCN-ის წარმომადგენლები და მათი კოლეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან განიხილავენ მსოფლიო მემკვიდრეობის, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის, წინაშე არსებულ გამოწვევებს და მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მართვასა და განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლს, გამოცდილებას და ამ კუთხით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. კონფერენციის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.