რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

როგორც რუსეთის უწყებაში აცხადებენ, Freedom House-ის ძირითად საქმიანობას შორისაა შეერთებული შტატების ე.წ. „დომინანტი“ როლის დამკვიდრების ხელშეწყობა მსოფლიოში.

გარდა ამისა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არამეგობრული სახელმწიფოების პოლიტიკის ხელშეწყობაში, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ორგანიზაცია ხშირად გამოდის უკრაინის არმიის ყოველმხრივი დახმარების, რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემისა და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სასანქციო წნეხის გაძლიერების მოწოდებით.

ამასთან, რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის გამოძიებაზე მომუშავე საპარალამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა შეისწავლიდა „ფრიდომ ჰაუსის“ არასასურველი ორგანიზაციების ნუსხაში შეყვანის საკითხს. პისკარევმა უფლებადამცველი ორგანიზაცია „რუსეთში გამართული არჩევნების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა“. ამის მიზეზი გახდა „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც მიმდინარე წელს რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები