კონსტანტინე საფარიშვილი – მღვდელი, რომელმაც 10 უცხო ენა იცოდა

კათოლიკე მღვდელი კონსტანტინე საფარიშვილი დაიბადა 1887 წლის 25 თებერვალს, თბილისში.

1899 წელს სასწავლებლად გაემგზავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. 1911 წლის 8 დეკემბერს ეკურთხა მღვდლად და პირველი წირვა ჩაატარა კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის ქართულ ეკლესიაში.

1909-1910 წწ. მამა კონსტანტინე ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა რომში. აქ იგი დაუახლოვდა იმხანად ვატიკანის არქივებში მოღვაწე მიხეილ თამარაშვილს.

რომში სასულიერო ხარისხის მინიჭების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით აღსავსეს მტრულად შეხვდნენ ანტიეროვნული, ქართული ტიპიკონის მოწინააღმდეგე მტრული ძალები და ეროვნული იდეების ქადაგებისათვის მეფის მთავრობასთან დააბეზღეს.

1915 წელს სარატოვში გადაასახლეს, სადაც გერმანელი კოლონისტებისათვის გერმანულ ენაზე ატარებდა წირვებს. 1916 წელს იგი სარატოვ-ევალდშია.

1918 წელს მცირე ხნით მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში.

საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე კონსტანტინე სამშობლოში დაბრუნდა. იმ დროს ქართველი კათოლიკეები ორმაგ ჩაგვრას განიცდიდნენ (ეროვნულს და იდეურს). მან დაიწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტულ ქართველ კათოლიკეებში ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებისათვის ბრძოლა.

1918-1924 წწ.კონსტანტინე საფარიშვილი იყო გორის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი. 1924 წელს კი იგი მოძღვრის გარეშე დარჩენილ სოფელ სანავარდოში (კახეთი) გადავიდა. 1925-1926 წწ. პატრი კონსტანტინე მესხეთში ჩავიდა და ჯერ სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, ხოლო შემდგომ ახალციხის რაბათის პატრებიანთ ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1920-იან წლებში მამა კონსტანტინე კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

1927 წელს ბაქოში დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს. 1933 წელს გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ მას აეკრძალა სასულიერო მოღვაწეობა და არ ჰქონდა თბილისში ცხოვრების უფლება.

ბაქოში ცხოვრების ნება დართეს, მაგრამ საეკლესიო საქმიანობა იქაც აუკრძალეს.

1935 წლის აგვისტოდან ცხოვრობდა ბორჯომში, 1937 წლიდან – თბილისში. მუშაობდა ფოტოგრაფად და ფარულად ახერხებდა მღვდლის მოვალეობის შესრულებას.

1966 წელს თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამღვრის ემანუილ ვარდიძის გარდაცვალების შემდეგ, პატრმა კონსტანტინემ მიიღო  ღვთისმსახურების  უფლება და იგი გარდაცვალებამდე იყო თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის  წინამძღვარი.

კონსტანტინე საფარიშვილი ფლობდა 10 უცხო ენას, რომელთა არდავიწყების მიზნით, ყოველდღე სხვადასხვა ენაზე აღავლენდა ლოცვას. გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით. მის მიერ არანჟირებული საგალობლები დიდი ხნის მანძილზე სრულდებოდა თბილისის პეტრე-პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში.

მამა კონსტანტინეს, მღვდლისა და პიროვნების ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1971 წელს მას სასულიერო მოღვაწეობის 60 წელი ქართულ ენაზე მიულოცა პაპმა, პავლე მეექვსემ.

კონსტანტინე საფარიშვილი გარდაიცვალა 1973 წლის 11 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის გალავანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები