როგორ გახდა ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი ლედი ჯონსტონი

ნატალია (ნატაშა) ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა 1914 წლის 19 აპრილს, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, პავლოვსკის სასახლეში, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელისა და ტატიანა რომანოვას (იღუმენია თამარი) ოჯახში.

პრინცესა ნატაშა, როგორც ორი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, მონათლეს იმპერატორმა, ნიკოლოზ II-მ და მისმა ქალიშვილმა, ოლგამ.

დიდი მთავრის ქალიშვილი, ტატიანა რომანოვა (1890-1979) და თავადი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი 1911 წელს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც თეიმურაზი დაარქვეს.

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1889-1915) კავალერგარდის პოლკის ოფიცერი, მოგვიანებით – იმპერატორ ნიკოლოზ II–ის ფლიგელ-ადიუტანტი იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თავის 5 ცოლისძმასთან ერთად, ომში წავიდა. დაიღუპა 1915 წლის 19 მაისს სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე, გალიციაში.

24 წლის ქვრივი ქმრის ნეშტს ხარკოვში დახვდა. პავლოვსკში გადახდილი პანაშვიდების შემდეგ მიცვალებული საქართველოში გადაასვენეს და მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტატიანას ახლობლები დააპატიმრეს. თვითონ მას კი, რადგან რომანოვების გვარს აღარ ატარებდა, ხელი არ ახლეს. რუსეთში დარჩენა მაინც საშიში იყო. 1918 წლის ივლისში ტატიანა პეტროგრადიდან კიევში გადავიდა, რომელიც ბოლშევიკებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული, შემდეგ ოდესაში, იქიდან კი, ბუქარესტის გავლით, შვეიცარიამდე ჩააღწია. გზაში მასა და მის შვილებს ახლდა და იცავდა დიდი მთავრის, დიმიტრი რომანოვის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კოროჩენცოვი.

1921 წლის ბოლოს ტატიანა ცოლად გაჰყვა კოროჩენცოვს, რომელიც ასე დაეხმარა მას და მის შვილებს გაჭირვების ჟამს, თუმცა 3 თვის შემდეგ დიფტერიით მეორე ქმარიც დაეღუპა. ამის შემდეგ ტატიანა აღარ გათხოვილა, მარტო უმკლავდებოდა შვილების აღზრდა–განათლებას.

1946 წელს, როცა ორივე შვილმა დამოუკიდებელვი ცხოვრება დაიწყო – ტატიანა შვეიცარიაში მონაზვნად აღიკვეცა და საქართველოს უდიდესი მეფისა და წმინდანის პატივსაცემად, საეკლესიო სახელად თამარი აირჩია (მას მთელი ცხოვრება თან დაჰქონდა ნიკო მარის პატარა ბროშურა – „თამარ მეფე – საქართველოს აყვავების ხანა, მე–12 საუკუნე“).

თეიმურაზი ჯერ ჟენევის სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი ფრაიბურგის წმინდა ჟანის სახელობის კოლეჯში. 1927 წელს, როცა ოჯახი იუგოსლავიაში გადასახლდა, თეიმურაზი ქალაქ ბელოცერკოვის ყირიმის კადეტთა კორპუსის კადეტი გახდა, მისი უმცროსი და ნატალია კი – მარინის დონის ინსტიტუტის მოსწავლე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნატაშა საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა და იქ მაღაზიაში მუშაობდა. ომამდე ის დანიშნული იყო ლეიტენანტ კრისტოფერ ფერნესზე, მაგრამ 1940 წელს საქმრო დაიღუპა და ქორწილი არ შედგა.

1944 წლის აპრილში ნატალია ბაგრატიონ–მუხრანელი ლედი ჯონსტონი გახდა. ის ცოლად გაჰყვა ბრიტანელ დიპლომატს, პოეტსა და მთარგმნელს სერ ჩარლზ ჰეპბერნ–ჯონსტონს (1912-1986).

მათ ერთმანეთი გაიცნეს დიპლომატიურ წრეებში, ლონდონში, როცა ნატაშა იუგოსლავიის ემიგრაციაში მყოფი მთავრობისთვის მუშაობდა. სერ ჩარლზი იმ დროისთვის უკვე გამოცდილი დიპლომატი იყო, ნამუშევარი ჰქონდა მესამე მდივნის თანამდებობაზე იაპონიისა და ეგვიპტის დიპლომატიურ მისიებში.

ჩარლზ ჯონსტონი, ასევე, ცნობილია, როგორც რუსული კლასიკის ნიჭიერი მთარგმნელი.

პირველი თარგმანი მან მეუღლესთან ერთად შეასრულა. ეს იყო ივანე ტურგენევის „მონადირის ჩანაწერები“.  წიგნი პირველად 1950 წელს გამოიცა და შემდეგ კიდევ არაერთხელ. მთარგმნელებად მითითებულია – „ ჩარლზ და ნატაშა ჰეპბერნები“.

გარდა ამისა, ნატალია ეხმარებოდა მეუღლეს პუშკინის „ევგენი ონეგინისა“ და ლერტმონტოვის „მწირის“ პოეტური თარგმანის შესრულებაში.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1965 წლიდან ნატალია და ჩარლზ ჯონსტონები ავსტრალიაში ცხოვრობდნენ, რადგან ჩარლზი დანიშნეს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად სიდნეიში.

მეუღლეები ლონდონში, საბოლოოდ, 1971 წელს დაბრუნდნენ.

ნატალია ბაგრატიონ მუხრანელი 1984 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა, ლონდონში. დაკრძალულია იქვე, განერსბერის სასაფლაოზე.

მემკვიდრე არც თეიმურაზს და არც ნატალიას არ დარჩენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები