იტალიასა და აშშ-ში გამომავალი ქართველი ემიგრანტების გაზეთი – „ქართული ფესვები“ იუბილეს აღნიშნავს

უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც ქართველი ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ნინო სიბოშვილი იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსცემს გაზეთს –  „ქართული ფესვები“. გაზეთი უკვე იქცა ქართველი ემიგრანტების ერთიანობის სიმბოლოდ. იგი ასახავს ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პრობლემებს, საჭირბოროტო საკითხებს, ოჯახისა და სამშობლოსგან შორს ყოფნით გამოწვეულ ტკივილს, მონატრებას, უცხოეთში ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ნიჭიერი, გამორჩეული ქართველების საქმიანობას.
ნინო სიბოშვილი, რომელიც 20 წლის წინ იტალიაში ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობის გამო მოხვდა, სხვა ასპარეზზეც აქტიურობს: მისი ფოტონამუშევრები წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. ამასთან, იგი ყველანაირად ეხმარება პრობლემების მქონე ქართველებს. ფლორენციაში, საკუთარ სახლში იფარებს თავშესაფრის გარეშე დარჩენილ თანამემამულეებს.
ნინო სიბოშვილი, როგორც ჟურნალისტი, აქტიურად თანამშრომლობს: ტელეკომპანია „ქართული TV“-თან, ქართულ-იტალიურ ინტერნეტტელევიზია „KN-TV“-სა და ნიუ-იორკში არსებული ქართული სათვისტომოს „თვისტომიმედია ჰოლდინგ“-თან.
აკადემია „გვირილასა“ და ასოციაცია „საქართველოს ქალბატონების“ დახმარებით, „ქართული ფესვების“  პრეზენტაცია განხორციელდა საფრანგეთში გამართული ქართულ-ფრანგული მეგობრობის ხიდის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სომხეთში გამართული ქართულ-სომხური კულტურის დღეებზე და სხვა ქვეყნებში. გაზეთი, ქართველი ემიგრანტების ინტერესების დასაცავად, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ არაერთ ორგანიზაციასთან.
გაზეთი გეგმავს, საქართველოშიც გააფართოოს და განავითაროს საქმიანობა. ამ მიზნით, „ქართული ფესვების“ ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში დაინიშნა მწერალი და ჟურნალისტი, სანდრო უსტიაშვილი.
18 აპრილს გაიმართება „ქართული ფესვების“ საიუბილეო ღონისძიება, რა დროსაც შეჯამდება გაზეთის მიერ განვლილი გზა. მადლობის სიგელები გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ერთგულად უდგანან გვერდით ქართველ ემიგრანტთა პერიოდულ ორგანოს.
და ბოლოს, ნინო სიბოშვილი და „ქართული ფესვები“ გამოდიან ინიციატივით, რომ 18 აპრილი დაწესდეს „ქართველი ემიგრანტების ერთიანობის“ დღედ. ამ ინიციატივის მიზანია, არსებობდეს მჭიდრო კავშირი როგორც სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ქართველ ემიგრანტებს, ისე მათსა და საქართველოს მოსახლეობას შორის. არაერთი პრობლემისა და გამოწვევის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა ხომ სწორედ ერთიანობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები