ზაალ მიქელაძე: რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს მათ შერჩათ – სწორედ, ამიტომ ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ ამ ყველაფრის გამო უნდა აგონ პასუხი

„ეს უბრალოდ ახირება არ არის – მმართველი გუნდი ჩვენთან ერთად ჯამურად უნდა მოვიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობაში, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ, სამშობლოს ღალატის მუხლიც დავაბრუნოთ და გამოძიებაც უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა ძალასთან გვქონდა საქმე“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზაალ მიქელაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, დღესაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. ამიტომ ამისთვის და ასევე, წარსულში ჩადენილი ყველა ქმედებისთვის პასუხისგება მოუწევთ.

„ეს ყველაფერი იცით რისი ბრალია? რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს მათ  შერჩათ. სწორედ, ამიტომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი  ეს იყო, რომ მათ ამ ყველაფრის გამო, რაც წარსულში ჩაიდინეს და დღესაც, რა ქმედებებსაც სჩადიან, უნდა აგონ პასუხი.

ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაისაჯა. შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, რაც იმ პერიოდში ხდებოდა. გვახსოვს, გმირმა დედამ ირინა ენუქიძემ, მოახერხა და ქვეყანას გააცნო თავისი შვილის ტრაგედია, მაშინ ამ ერთმა ადამიანმა მოუგო მთელ სისტემას.

ასევე, გავიხსენებ სამ აჭარელ ახალგაზრდას ბიჭს, რომლებიც იყვნენ 19-20-21 წლისები, ისინი უბრალოდ, ერთ-ერთის ძმის სანახავად მიდიოდნენ ციხეში და ეს ყველაფერი შეატრიალეს, როგორც სპეცოპერაცია – ადამიანებს ციხის ბუნტი დააბრალეს. სხვა თემის გადასაფარად, სამი ახალგაზრდა კაცი გაიმეტეს, ამ ყველაფერმა ჩაიარა ისე, რომ პასუხი არ უგიათ ისევე, როგორც სხვა ქმედებებზე.

სწორედ, ამიტომ არის დღეს, რომ ყველაფერს ბედავენ. ერთხელ და სამუდამოდ მოუწევთ მსგავსი ქმედებისთვის პასუხისგება. იმ ყველაზე დიდი ღალატის წინ, რაც 2008 წელს ქვეყანას გაუკეთეს, კონსტიტუციიდან ღალატის მუხლიც კი ამოიღეს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება, რომელიც ჩვენ გვიყურებს და გვისმენს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს უბრალოდ ახირება არ არის – მმართველი გუნდი ჩვენთან ერთად ჯამურად უნდა მოვიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობაში, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ, სამშობლოს ღალატის მუხლიც დავაბრუნოთ  და გამოძიებაც უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა ძალასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები