სანდრო თვალჭრელიძე: ბაბილონის გოდოლია დღევანდელი რუსეთი, თიხის ფეხებზე დგას და ერთ დღესაც ისე შეიძლება დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი

“პუტინს უკვე აშკარად მანიაკური შიშები აქვს. პატარა წინააღმდეგობაც კი ზაფრავს და მზად არის ყველა და ყველაფერი მიწასთან გაასწოროს, ოღონდ კი მის მმართველობას ჰიპოთეზური საფრთხეც არ შეექმნას “,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დღევანდელი რუსეთი ბაბილონის გოდოლია, თიხის ფეხებზე დგას და ერთ დღესაც ისე შეიძლება დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი.

“რა უქნა პრიგოჟინს, ნავალნის – ციხეში მყოფი ადამიანიც კი საშიშად მიიჩნია და გაანადგურა. მისი ასეთი ქცევა პირველი არ არის. ძალაუფლების დაკარგვის შიში დიდი ხანია აწუხებს, თუმცა უკრაინის ამბების შემდეგ აშკარად ძალიან გაუმძაფრდა. ის იქცევა ისე, რაც დიქტატორებს ახასიათებს, მათ შორის გარკვეულწილად ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილსაც… რასაც პუტინი აკეთებს, რუსი ხალხის დაცინვა. პუტინი რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელ კომუნისტურ ტერორში აბრუნებს. დღეს ამას თავისუფლად შეგვიძლია კომუნისტური კი არა, პუტინისტური ტერორი ვუწოდოთ. ნახეთ, რა კანონებს იღებენ, აბა, გაბედე და თქვი, ომი არ მინდაო, სულ ცოტა, 20-წლიან პატიმრობას მოგისჯიან. ბაბილონის გოდოლია დღევანდელი რუსეთი, თიხის ფეხებზე დგას და ერთ დღესაც ისე შეიძლება დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი.

თავის დროზე დასავლეთს საბჭოთა კავშირის ეშინოდა, დღევანდელი რუსეთის კი არ ეშინია. არც მაგათი ბირთვული იარაღის ეშინია ვინმეს და არც სხვა რამ ბაქიბუქის. ჩემი აზრით, დღეს დასავლურ ქვეყნებს ისეთი ტექნოლოგიებიც კი აქვთ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ადგილზევე ჩაახშობენ რუსეთის ბირთვულ პოტენციალს. რუსეთის ფიასკოს მთავარი მიზეზი კი გახდება ის, რომ რუსეთში ინტელექტუალური ელიტა აღარ დარჩა. ჩემი ინფორმაციით, მაგალითად, ყველა ჭკვიანი ფიზიკოსი, რომელთა დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ, რუსეთიდან კარგა ხანია წავიდა. რუსეთი დღეს ყოველგვარ ინტელექტუალურ მუხტს არის მოკლებული. ახალგაზრდებიც პერსპექტივას ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ და ყველა საშუალებით გაქცევას ცდილობენ. რაზე ვლაპარაკობთ, ჩიპებს ვერ უშვებენ და მტვერსასრუტებს ხსნიან, რათა სამხედრო მიზნებით გამოიყენონ. წარმოიდგინეთ, რა დღეშია ქვეყანა, რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში ცდილობს რაკეტების შეძენას… ისტორიამ შეიძლება სპირალური ბრუნი გააკეთოს, მაგრამ ის თავის პირვანდელ წერტილს აღარასდროს უბრუნდება. პუტინიც ვერ შეძლებს და ვერ დააბრუნებს რუსეთს საბჭოთა კავშირში.

შეიცვალა მსოფლიო. მიმაჩნია, რომ პუტინს უპირველესად საფრთხე საკუთარი გარემოცვისგან ემუქრება. ამ გარემოცვის წევრებს შვილები ჰყავთ, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, სწავლობენ თუ მუშაობენ, დიდძალი კაპიტალი აქვს ამ ხალხს გატანილი. როგორც ჩანს, პუტინის კარზეც მომავალი ძალაუფლების გაყოფაზე ბევრს ფიქრობენ და ამიტომაც ვერა და ვერ მოახერხა პუტინის უახლოესმა გარემოცვამ მისი ლიკვიდაცია… რაც შეეხება მაკრონის განცხადებებს, გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ხვალ-ზეგ დასავლური ქვეყნების ჯარისკაცები ომს დაიწყებენ რუსეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, ნატოს ქვეყნები ამ ომში რუსეთს გამარჯვების უფლებას არ მისცემენ. ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ევროპა, გარდა განცხადებებისა, მიდის სერიოზული პროცესები სამხედრო მრეწველობის ასამუშავებლად. საფრანგეთი და გერმანია ამ ვითარებაში მოგვევლინენ ფლაგმანებად. მოგეხსენებათ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამეულის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მაკრონმაც აღნიშნა, რომ არასდროს მისცემენ რუსეთს გამარჯვების საშუალებას.

დღეს ტრამპი და მისი პარტია ყოვლად უპასუხისმგებლოდ იქცევიან, რამაც შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს. დახმარების ასეთი დაყოვნება ყოვლად გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ნელ-ნელა ეს აუცილებლად დალაგდება და სადღაც ზაფხულში ამ ომში გარდატეხა მოხდება. რაც არ უნდა თქვას პუტინმა, ვერც ერთი სტრატეგიული გამარჯვება უკრაინაში მან ვერ მოიპოვა. ის მიზნები, რაც თავიდან განაცხადეს, ჰაერშია გამოკიდებული და დღეს მაგაზე აღარც ლაპარაკობენ. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც უკრაინიდან შედის ქვეყანაში, თანდათან ძალას იკრებს, ბოლო კვირის განმავლობაში საზღვრისპირა ბელგოროდსა და სხვა ქალაქებში რაც ხდება, ამის ნიშანია – სწორედ პუტინის მოწინააღმდეგე შეიარაღებული რუსული ჯგუფები მოქმედებენ. ჩემი აზრით, “ვაგნერის” ამბოხის ჩახშობა დროებითი მოვლენაა. ასეთი ანტიპუტინისტური შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმები, დარწმუნებული ვარ, თანდათან გახშირდება რუსეთის ტერიტორიაზე”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები