ოლაფ შოლცი: გაყინული რუსული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღი იყიდონ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ასევე მონაწილეობენ საფრანგეთი და პოლონეთი.
შოლცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის მიზანი არის და რჩება ის, რომ უკრაინამ ეფექტურად დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, კერძოდ: ახლა კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ უკრაინისთვის, კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე, რაც კარგი გაუმჯობესებაა. მეორეც, გავაფართოებთ სამხედრო ტექნიკის წარმოებას და ასევე ვითანამშრომლებთ უკრაინის პარტნიორებთან. მესამე, ჩვენ შევქმნით შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო შესაძლებლობების ახალ კოალიციას „რამშტაინის“ ფორმატის ფარგლებში“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყინული რუსული აქტივები გამოყენებული იქნება უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ფინანსური მხარდაჭერისთვის.