ავსტრიამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
ავსტრიამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება დაავალა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილნი არიან დიპლომატიური სტატუსის მიღმა საქმიანობაში, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სატელეკომუნიკაციო სისტემების უკანონო მონიტორინგს.
ვენის შეფასებით, საელჩოს ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური აღჭურვილობა შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო სადაზვერვო მიზნებისთვის.
დიპლომატებმა უკვე დატოვეს ავსტრიის ტერიტორია. ვენის მხარე აცხადებს, რომ დიპლომატიური იმუნიტეტი ვერ იქნება გამოყენებული ჯაშუშური საქმიანობის დასაფარად.
რუსულ მხარეს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.