მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ აქვს, თუმცა ეს საკითხი არაერთხელ გამოყენებულა პოლიტიკურ კონტექსტში.

„არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ კეთდებოდა განცხადებები ამა თუ იმ პროგრამის შეჩერების თაობაზე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რასაც შემდეგ იყენებდნენ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შექმნილიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და გვქონოდა გარკვეული გამოხმაურება. ამისთვის ხშირად იყო გამოყენებული ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან პროგრამები და სხვადასხვა დაფინანსების საკითხები. საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შექმნია. ერთი ისაა, რომ წესებისა და კანონის მიხედვით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, ამაში უცნაური არაფერია. კანონები მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არასდროს გვითქვამს დიალოგზე უარი და არასდროს გვითქვამს ახსნაზე უარი. თუ ვინმეს სურს სიღრმეებში ჩახედვა, ამის შესაძლებლობაც არსებობს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კანონების მიღება სრულად ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და ხელისუფლება მუდმივად მზადაა დიალოგისა და დამატებითი განმარტებებისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს დაგვიშურებია ჩვენი ახსნა და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რატომ მოხდა და რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება. ეს არის ძალიან კარგად ახსნილი. ეს, პირველ რიგში, გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან და მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სწორედ დემოკრატიული წესრიგისა და სტაბილურობის დასაცავად. კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება, თუ რას ემსახურება კანონები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. თუკი ექნებათ სურვილები, კიდევ ერთხელ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და მივაწოდოთ ის ახსნა-განმარტებები, რაც მათ ესაჭიროებათ იმისთვის, რომ ასეთი რიტორიკა აღარ ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები