“როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში”, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვას, “რა შესაძლებლობას უხსნის მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველოს ბრიუსელთან გართულებული ურთიერთობის ფონზე”.
„მიუხედავად ბევრი გაუგებარი პოლიტიკური შეფასებებისა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან, გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს. ვერ გავიღვიძებთ და ხვალ საქართველო არ იქნება პორტუგალიის მეზობელი, ისევ აქ ვიქნებით, ისევ ეს გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, მათ შორის საფრთხეები იქნება. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, მათ შორის ევროპელი პარტნიორებისთვის. ეგოისტური დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და მარტო ჩვენ გვინდა ამ დერეფნიდან მოგება. ვამბობთ, რომ ყველა, ვინც ამ დერეფნის მონაწილეა, ვისაც დიალოგის სურვილი, პრაქტიკული თანამშრომლობის სურვილი აქვს, ღია ვართ მათთვის.
თვითონ ევროკომისიაც, ბრიუსელიც აღიარებს, რაოდენ ვიწროპოლიტიკური განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირმა ბოლო პერიოდში მიიღო, ენერგეტიკიდან დაწყებული ტრანსპორტით, ლოგისტიკით, გადაადგილებით დასრულებული ყველგან საქართველოს საკვანძო როლია ხაზგასმული. როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში. ბევრი სახელმწიფოა, რუმინეთიდან დაწყებული ესპანეთით დამთავრებული, რომელიც პირდაპირაა დაინტერესებული შუა დერეფნის გამოყენებით და რა თქმა უნდა ჩვენ ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ცალკე საქართველო იქნება თუ სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი, ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე – „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.