მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანტიევროპული რიტორიკის ბრალდებები უსაფუძვლოა და კრიტიკა მხოლოდ უსამართლო ნაბიჯებზე რეაქციაა.

„წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და, თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან. კონკრეტულად, როდესაც საქართველოს შესახებ უსამართლო რეზოლუციები მიიღება, შეუძლებელია, ეს დარჩეს კომენტარის ან პასუხის გარეშე. როდესაც პოლიტიკოსები სცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს თარგმნილი როგორც ანტიევროპული რიტორიკა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის ბოლო წლების რეზოლუციებში ბევრი უსამართლო და რეალობას მოწყვეტილი ნარატივია, რაც საქართველოს შესახებ მძიმე სურათს ქმნის.

„თუ ჩავიხედავთ იმ რეზოლუციებში, ძალიან ბევრ უსამართლობას და დეზინფორმაციას ნახავთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროპარლამენტის 10 რეზოლუცია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღებული და ძალიან ბევრს ნახავთ ასეთს. ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია ამ რეზოლუციებში და ისეთი რამ არის მოცემული, რომელიც სრულიად აკარგვინებს ფასს, მოწყვეტილია რეალობას და ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები