ბოლნისის მერის პირველმა მოადგილემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის უფროსთან, ბესიკ ტეფნაძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის საკრებულო ავრცელებს.
“ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და ის დეტალები განიხილეს, რაც პროცესის შეუფერხებლად და ობიექტურად წარმართვას უზრუნველყოფს.
ალექსანდრე ზაბახიძემ ამ პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.