ზელენსკი: ჩვენი თავდაცვის ძალები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა რუს მკვლელებს ოდესაზე თავდასხმისთვის პასუხი აგებინონ

უკრაინის თავდაცვის ძალები, რა თქმა უნდა, ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისათვის, რომ რუსი მკვლელები სამართლიანი პასუხისგების წინაშე აღმოჩნდნენ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება და სამუშაოებში ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური.

„ახლა ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დახმარების უზრუნველყოფა რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ: ორი რაკეტიდან მეორე მაშინ მოხვდა, როდესაც ადგილზე მაშველები და ექიმები მივიდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და ახლობელს.

ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი პასუხი იგრძნონ.

რაც უფრო სამართლიანი რეაგირება გვექნება რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და რაც უფრო საგრძნობი იქნება ჩვენი ქმედებები რუსული სისტემის წინააღმდეგ, მით უფრო გაუჭირდება პუტინს გააგრძელოს ავადმყოფური მმართველობა და, შესაბამისად, ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები