მიხეილ დუნდუა: საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა
“2012 წლის შემდეგ უმუშევრობის მკვეთრი შემცირებაა და საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
“როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო შემფასებლები, ისე ადგილობრივი მონაცემები ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ქართული სახელმწიფო ზრუნავს ადამიანზე, ამცირებს სიღარიბეს, ხელს უწყობს უმუშევრობის მკვეთრ შემცირებას, ხელს უწყობს დასაქმების ზრდას, რაც დადებითად მოქმედებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მონაცემთა ბაზა უმუშევრობასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს საუკუნეში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით 2012 წლამდე საქართველოში გაზრდილა უმუშევრობის მაჩვენებელი. 2012 წლის შემდეგ, უმუშევრობის მკვეთრი შემცირებაა და საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა“, – აღნიშნა დუნდუამ.