მიხეილ დუნდუა: წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, მკვეთრად შენელებულია ინფლაციის ტემპი

“წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, მკვეთრად შენელებულია ინფლაციის ტემპი და ყველა სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში წლიდან წლამდე ხდება ინფლაცია, ფასების მატება და ყოველი მომდევნო წლის ინფლაციის მაჩვენებელი, როგორც წესი, მეტია წინა წლის ინფლაციის მაჩვენებელზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა დეფლაციური არის და კრიზისები ხდება ეკონომიკებში.

„არ შეიძლება 10-11 წლის წინანდელი ფასები შეადარო 10 წლის შემდგომ ფასებს და გიკვირდეს, რატომ არის ზრდის მაჩვენებელი. ყველა ქვეყანაში წლიდან წლამდე ხდება ინფლაცია, ფასების მატება და ყოველი მომდევნო წლის ინფლაციის მაჩვენებელი, როგორც წესი, მეტია წინა წლის ინფლაციის მაჩვენებელზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა დეფლაციური არის და კრიზისები ხდება ეკონომიკებში.

ჩვენ თუ შევადარებთ ფასებს, 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ფასები გაიზარდა 75%-ით, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იყო 6,4%. 2013-2023 წლებში საშუალო წლიური ფასები გაიზარდა 64%-ით, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იყო 4,6%. მკვეთრად შენელებულია ინფლაციის ტემპი. ყველა სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. მნიშვნელოვანია, როგორ ასახვას პოვებს ფასების დონე და სახელმწიფო პოლიტიკა სიღარიბის პარამეტრებზე. ჩვენ ხომ სიღარიბის დასაძლევად გვაინტერესებს ფასების დონის ცვლილება? შევადაროთ სიღარიბის მაჩვენებლები. მსოფლიო ბანკი ითვლის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს. 2004 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო მოსახლეობის დაახლოებით 12%, 2012 წელს იყო დაახლოებით 11% ანუ პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო 2019 წელს განახევრდა, 2022 წელს გახდა 3,3%, 2024 წელს, მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, უნდა იყოს 2,8%. რეალურად, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მკვეთრად შემცირდა ამ პერიოდში და პრაქტიკულად უცვლელი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში“, – განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები