გიორგი კობერიძე: პუტინს ფრონტის ხაზზე მარცხის მეტი ვერაფერი გააჩერებს

“პუტინს ფრონტის ხაზზე მარცხის მეტი ვერაფერი გააჩერებს, რისი შანსიც არის. უკრაინელები კვლავ შეეცდებიან რამდენიმე კონტრშეტევას, არ ვიცი, რამდენად გამოუვათ, მაგრამ ლოგიკურია, მცდელობა იყოს. პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს და არანაირი მოტივაცია არა აქვს რაიმე ფორმით პროცესები შეაჩეროს. პუტინი უკრაინაში თუ დამარცხდა, დამარცხდება ისე, რომ მას თვისებრივად არანაირი ომის თავი აღარ ექნება მინიმუმ ათწლეულის განმავლობაში”,- ამის შესახებ პოლიტოლოგი, გიორგი კობერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ომი გაგრძელდება.

„2023 წლის მაისის მიწურულიდან რუსებს დაახლოებით 9 თვე დასჭირდათ უკრაინის მორიგი ქალაქის დასაკავებლად. ამდენი ხნის განმავლობაში მათ მნიშვნელოვანი ქალაქია არ აუღიათ, მხოლოდ ახლა მოახერხეს ავდეევკის დაკავება, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილის – ის დონეცკზე მიბმული ქალაქია და უკრაინელებისთვის მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო. რუსებმა ეს ცოცხალი ძალის მობილიზებისა და დიდი მსხვერპლის ფასად მოახერხეს (ჰყავთ 50 ათასამდე დაჭრილ-დაღუპული, ზოგიერთი მონაცემით, ეს ციფრი მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ 30-35 ათასია), რაც კოლოსალური­ ციფრია ნებისმიერი თანამედროვე არმიისთვის. რუსებმა შეძლეს უკრაინელების ამ მიმართულებიდან უკუგდება, მაგრამ რამდენად ღირდა შეტევა ამხელა მსხვერპლის ფასად და უკრაინელებს მისცემს თუ არა ეს ფრონტზე გარდატეხის შეტანის საშუალებას, ეს არის საინტერესო.

როდესაც რუსებმა თავის დროზე ძალიან დიდი ძალები დახარჯეს იმავე სევეროდონეცკის მიმართულებაზე, რამდენიმე თვეში ვიხილეთ უკრაინელთა მასშტაბური კონტრშეტევა. საინტე­რესოა, ახლაც იგივე განმეორდება თუ არა. ამჟამად უკრაინა აბსოლუტურ, ტოტალურ თავდაცვას მიმართავს, რაც სწორი­ სტრატეგიაა… ალბათ, რამდენიმე დღე ან კვირა ასე გასტანს, შემდეგ ცოტა ხანს ფრონტის ხაზზე, ალბათ, მუხტი განელდება და მერე მოსალოდნელია უკრაინის კონტრშეტევა.­ რუსებს ბახმუტის ასაღებადაც 8-9 თვე დასჭირდათ, დიდი დანაკარგიც ჰქონდათ, უბრალოდ, მაშინ „ვაგნერი“ იყო შემტევი ბირთვი. ახლა რუსული არმიის ნაწილები ყველა მიმართულებით გააქტიურებული არიან, მაგრამ მხოლოდ ავდეევკის აღება მოახერხეს. ავდეევკას უკრაინელებისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის პლაცდარმია დონეცკზე შეტევისთვის, რუსებისთვის კი ავდეევკა არ არის გარდამტეხი ფაქტორი უკრაინელთა პოზიციების მოშლაში.

ევროპის სახელმწიფოებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დაიწყეს არა იარაღის შემცირება, არამედ მისი წარმოების ზრდა. ბოლო 30 წელს ევროპის კონტინენტზე უმძიმესი სიტუაცია იყო ნებისმიერ სამხედრო წარმოებაში, ახალს არაფერს აწარმოებდნენ და ახლა ვიხილეთ გარდატეხა, როდესაც ევროპამ იარაღის წარმოების ზრდა თავის თავზე აიღო (საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, სკანდინავიის ქვეყნები…). დახმარების მასშტაბიც გაიზარდა – ევროკავშირმა 50 მილიარდზე მეტი გამოუყო უკრაინას, შვედეთმა – მილიარდამდე დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი შეიარაღება. უკრაინაში მასობრივად ჩადის გერმანული შეიარაღებაც, ფრანგული ფრთოსანი რაკეტები… რუსეთის შეიარაღებაში კი ისეთი აქტორის ჩართვა, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთ კორეის ხელახალი გადაიარაღების ბიძგი გახდა. გარდა ამისა, სამხრეთკორეული იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს, ერთი მხრივ, უკრაინელთა ხელში, მეორე მხრივ კი, ჩრდილოეთ კორეისთვის ეს იყოს ერთგვარი მაიძულებელი, მხოლოდ რუსეთს არ მიაწოდოს იარაღი და იმაზე იფიქროს, რომ შეიარაღება სამხრეთ კორეის შესაკავებლად მიმართოს. ერთადერთი­, აშშ-ში შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა იმოქმედა უკრაინის დახმარების საკითხზე…

ვფიქრობ, კონგრესში დახმარების პაკეტი მაინც დამტკიცდება. თუ ასე არ მოხდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამერიკის ჰეგემონია დასრულდება არა მარტო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სადაც ავტოკრატიებს აქვთ ამბიციები, არამედ მათ შორის ამერიკის მოკავშირეების თვალშიც. ამერიკამ უკვე მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი და შემდგომში ეს პროცესები თუ გაჭიანურდა, უფრო მეტად დაზიანდება, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბაიდენს აქვს მოქმედების სხვადასხვა საშუალება, მას კონგრესის გვერდის ავლითაც შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მესამე ქვეყნების გავლით თუ ყიდვის მეშვეობით (ისინი იყიდიან ამერიკულ იარაღს და შემდეგ გადასცემენ უკრაინას). მაგრამ, თუ პროცესები გაიწელა და სიტუაცია დამძიმდა, ამით, რა თქმა უნდა, რუსეთი ისარგებლებს და აშშ-ს დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება. ახლა აშშ-ში ძალიან მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა და საშუალო ამერიკელი მოქალაქის პოლიტიკური განათლება უმდაბლესია – ახლა ის თაობა აღარაა, ვინც იცოდა, ვინ იყვნენ ნიქსონი თუ კენედი, ვისაც რეიგანი უნახავს, “ცივი ომი”. ახალი თაობა ძალიან ვიწრო და ახლო სურათით მსჯელობს, რაც საბოლოოდ ამერიკის ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისი იქნება.

მეეჭვება, ამას ამერიკაში ვერ ხვდებოდნენ (ელიტას ვგულისხმობ) და, დიდი ალბათობით, დაამტკიცებენ დახმარების პაკეტს, ან რაიმე ხერხს მაინც მონახავენ უკრაინის შეიარაღებისთვის, მით უმეტეს, თავად პუტინს აქვს ნათქვამი, რომ ის ებრძვის არა უკრაინას, არამედ დასავლეთს უკრაინაში. როგორც ჩანს, დასავლეთში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული აზრი, თუ როგორ ხედავენ ამ კონფლიქტის დასრულებას. არსებობდა მოლაპარაკების მოლოდინი, მსჯელობდნენ, ხომ არ იქნებოდა უკეთესი რუსეთის გამოფიტვა უკრაინაშივე, კონფლიქტის ისე დამთავრება, რომ გამოფიტული რუსეთი დათანხმებულიყო მოლაპარაკებაზე – ბევრნაირი ვერსია არსებობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თანდათან რწმუნდებიან, რომ მოლაპარაკება გამორიცხულია და ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის სწრაფი შეიარაღება თუნდაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვით. ევროპაში ვიღაცებს ეშინიათ ესკალაციის, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის მასირებულმა დაბომბვამ შესაძლოა რუსეთი ჩამოშალოს.

როდესაც ომი გადავა რუსეთის ტერიტორიაზე, არავინ იცის, ხალხის რა რეაქცია მოჰყვება – შეიძლება იყოს კონსოლიდაცია ხელისუფლების მხარდასაჭერად ან პირიქით, ანტისახელისუფლებო ქმედებები მოიტანოს. ევროპაში თანდათან მასობრივი ხდება რიტორიკა, რომ რუსეთი ყველასთვის საფრთხეა და მას არაფერი გააჩერებს, გარდა ხისტი ძალისა. ლოგიკური იქნება, თუ გერმანია უკრაინას „ტაურუსებს“ მიაწვდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ისევ აქვთ უპასუხო კითხვები და ეს უარესად დაამძიმებს სიტუაციას უკრაინისთვის და რუსეთს უფრო გაათამამებს. ვნახოთ, ტენდენციები კარგია, მათ შორის ჩრდილო ევროპის ქვეყნების, კერძოდ, ნორვეგია-შვედეთი-დანიის. ლაპარაკია უკრაინისთვის მათი მთელი არსენალის გადაცემაზე, რაც უნიკალური მოვლენა იქნება. რუსეთმა უკრაინაში თუ წარმატებას მიაღწია, მაშინ სამიზნე შეიძლება გახდნენ ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი… ამ ეტაპზე რუსეთს უჭირს, მაგრამ თუ უკრაინაში წარმატებას მიაღწია, რუსეთი დაიჯერებს, რომ მან აჯობა ნატოს, მათ შორის ნატოს პოლიტიკურ ნებას და ის უფრო გათავხედდება.

ჩემი ვარაუდით, ომი გაგრძელდება. ახლა პიკია და როცა გადაივლის, შემდგომ გამოჩნდება სურათი, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს. ჯერჯერობით რუსეთი სამხედრო მობილიზაციური რესურსების მაქსიმუმს აღწევს და უკრაინაც იმავეს აპირებს – კერძოდ, სამობილიზაციო კანონის მიღებას, რაც ნიშნავს, რომ გაზაფხული-ზაფხული გარდამტეხი იქნება ბევრ რამეში, რომლის შედეგადაც გამოჩნდება რეალური სურათი, როგორი იქნება უკრაინელთა შეტევები, როგორი იქნება რუსული თავდაცვა, რასაც შესაძლოა 1-2 წელი კიდევ დასჭირდეს. ეს წელი ამ ომში უკიდურესად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება, ვინაიდან 2024 წელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არჩევნების წელია. რა თქმა უნდა, ამ მასშტაბითა და ტემპით ვერ გაგრძელდება ომი, რადგან ამდენი რესურსი არავის აქვს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ რუსეთმა კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია.

პუტინს ფრონტის ხაზზე მარცხის მეტი ვერაფერი გააჩერებს, რისი შანსიც არის. უკრაინელები კვლავ შეეცდებიან რამდენიმე კონტრშეტევას, არ ვიცი, რამდენად გამოუვათ, მაგრამ ლოგიკურია, მცდელობა იყოს. პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს და არანაირი მოტივაცია არა აქვს რაიმე ფორმით პროცესები შეაჩეროს. პუტინი უკრაინაში თუ დამარცხდა, დამარცხდება ისე, რომ მას თვისებრივად არანაირი ომის თავი აღარ ექნება მინიმუმ ათწლეულის განმავლობაში. ის რომ 2022 წელს დამარცხებულიყო, გასაგები იქნებოდა, მაგალითად, ჩვენ დაგვსხმოდა, მაგრამ როცა ტანკების დეფიციტი დაეწყო, თვითმფრინავებიც მასობრივად ჩამოუყარეს, ცოცხალი ძალისა და პროფესიული არმიის დეფიციტი აქვს, ამ ყველაფრის ფონზე თუ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდა, კიდევ მეტი რესურსი დაიხარჯება, რუსეთი საარტილერიო ჭურვებს ყიდულობს ჩრდილო კორეიდან, დრონებს – ირანიდან, პრობლემები აქვს წარმოებაში, დაიწყო ძველი ტანკების მასობრივი კანიბალიზაცია და ამით მოახერხა ახლებად გარდაქმნა. ახალ ტანკებს კი აწარმოებს, მაგრამ ძველები და გადაკეთებული უფრო მალე ნადგურდება, ვიდრე ახლები კეთდება, ამიტომ ისინი დეფიციტურია. რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ომი, რუსეთი იმდენად გამოიფიტება, მას სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ახალი ომის საშუალება ფიზიკურად აღარ ექნება. ამას ბევრი მუშაობა სჭირდება – პოლიტიკური მომზადება, ლოჯისტიკური მომარაგება, ხელახალი კავშირები და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები