იულია ნავალნაია რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცეს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას მეუღლის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.

იულია ნავალნაია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქრისტიანულ რწმენას სიყალბედ აფასებს.

„დღეს მეცხრე დღეა, რაც ჩემი ქმარი დაიღუპა. ცხრა დღეა, რაც პუტინმა ალექსეი ნავალნი მოკლა. თუმცა პუტინს მკვლელობა არ ეყო. ახლა მისი ცხედარი ჰყავს ტყვეობაში და დასცინის მის დედას, აიძულებს, დათანხმდეს საიდუმლო დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ემუქრებიან, რომ მას თავად დაკრძალავენ იმ კოლონიაში, სადაც მოკლეს. რამდენიმე დღეა, აწამებენ მის დედას. მშვენივრად ვხვდები, რომ ეს არ მოუგონია გამომძიებელს, ყველაფერს პუტინი ხელმძღვანელობს და განკარგულებებსაც ის გასცემს: არ მისცეთ, ზეწოლა მოახდინეთ დედაზე, გატეხეთ, უთხარით, რომ მისი შვილის ცხედარი იხრწნება. ნავალნის ან ჩემი პირობებით დაკრძალავენ, უცნობი სასაფლაოს შორეულ კუთხეში, საიდუმლოდ, რომ ვერავინ შეძლოს მასთან გამომშვიდობება, ან საერთოდ არ გადავცემ. აი, ასეთ პირობებს აყენებს პუტინი. ის პუტინი, რომელსაც უყვარს იმის დემონსტრირება, რომ ის მორწმუნე ქრისტიანია… ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ მისი რწმენა ყალბია, თუმცა ამას ახლა ცხადად ვხედავთ. არცერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ გააკეთებდა იმას, რასაც პუტინი აკეთებს გარდაცვლილ ალექსეის მიმართ“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები