“კვირას” ექსკლუზიური ინტერვიუ დამოუკიდებელ ექსპერტთან – „რუსეთმა თვალი ხერსონს და ოდესას დაადგა“

    უკრაინა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ერთი მხრივ, „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ გამოკვეთის საკითხია მოსაგვარებელი, ასევე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის აღდგენა-რეკონსტრუქცია, არჩევნების ჩატარება და მოახლოებული ზამთრისთვის მზადება. მეორე მხრივ, კიდევ უფრო დიდი პრობლემა – გარე საფრთხეებია: რუსეთი, როგორც ასეთი, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი და შემდგომი ურთიერთობა მეზობელ ქვეყანასთან. საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტის,  ლადა როსლიცკას მოსაზრებით, რუსეთი არ გაჩერდება და მოქმედებას იმავე სტრატეგიით განაგრძობს, რომელსაც მანამდე იყენებდა. ლადა როსლიცკა კიევში იმყოფება. “კვირა” მას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას? თქვენი აზრით, გაჩერდება თუ არა რუსეთი?
– ძალიან ძნელია სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოვლენები შეაფასო. ყოველი სამშვიდობო შეთანხმება სიცრუეა. უკრაინული მხარე ასრულებს შეთანხმებას, თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს თავის ქმედებებს და კვლავ იყენებს საერთაშორისო ტერორისტებს და „ბოევიკებს“. პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ევროკავშირის, კანადის, აშშ-ს, დემოკრატიული ქვეყნების პოზიციებზე დაყრდნობით ასრულებს. დასავლური ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინამ მშვიდად უნდა აღიქვას ეს ქმედებები.
ყველას ახსოვს, რა ხდებოდა 2008 წელს საქართველოში. მესამე სამშვიდობო შეთანხმებაა, და რუსეთის მხრიდან არაფერი იცვლება. ჩემი აზრით, რუსეთი არ გაჩერდება და იგივე სტრატეგიით იმოქმედებს. მან თვალი უკვე ხერსონს, ოდესას დაადგა. ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსეთი დნესტრისპირეთშიც რაღაცას ამზადებს.
– თუ რუსეთის ფედერაცია საკუთარ შეიარაღებულ ფორმირებებს არ გამოიყვანს უკრაინიდან, აპირებს თუ არა უკრაინა იურიდიულად არაკონტროლირებადი ტერიტორიებისთვის ოკუპირებულის სტატუსის მინიჭებას?
– ვფიქრობ, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ან რუსეთში დაბრუნდნენ, ან ისინი აქ, უკრაინაში დააკავონ. ახლა „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადება დადებითი ნაბიჯი არა უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვის იქნება. არსებობენ ქალები, რომლებიც „დნრ“ და „ლნრ“-ისთვის კანონის ფარგლებში მუშაობენ. საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა. უნდა იქნეს აღიარებული, რომ ეს ძალები – კრიმინალები და ტერორისტები არიან. ძალიან უცნაურია, რომ ახლა პარლამენტში „დნრ“ და „ლნრ“-ის ტერორისტების ამნისტიის შესახებ დოკუმენტი შევიდა. როგორ უნდა დაუჭირონ დეპუტატებმა ამ დოკუმენტს მხარი? ასე ჩანს, თითქოს ევროკავშირმა ასე გადაწყვიტა და ამიტომ ხდება ეს… ნახეთ, რა ხდება აფხაზეთში, ოსეთში, მთიან ყარაბახში და დნესტრისპირეთში. აღვნიშნავ, რომ ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან რთული სიტუაციაა. მოკლედ, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი – ცუდი იდეაა.
– საქართველოს მაგალითზე, ხედავთ თუ არა კონფლიქტის გაყინვის საფრთხეს?
– კი, კონფლიქტის გაყინვა შესაძლებელია არა მარტო დონბასში, არამედ ყირიმში. რუსეთში ბევრი ძალა და დაჯგუფებაა. მარტო შავი ზღვის ფლოტი არაა. როდესაც რუსეთის პოლიტიკურ სტრატეგიას ვაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან ჭკვიანური და ნელია.
– როგორ აპირებს უკრაინა ზამთრის გატარებას? თქვენი აზრით, როგორი იქნება ეს ზამთარი?
– ეს ზამთარი ძალიან ცივი იქნება. რაც შეეხება უსაფრთხოებას და ენერგეტიკას, ჩვენ ევროკავშირის სიტყვებს და ქმედებებს უნდა დავაკვირდეთ. სლოვაკეთი ის ქვეყანაა, რომელიც უკრაინასთან თანამშრომლობას აპირებს. ჩეხეთშიც განიხილებოდა ეს საკითხი. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის კონფერენციაზე განაცხადა, გაზი რომც არ იყოს, არავინ უკრაინაში არ გაიყინება, ეს პრობლემა არ იქნება. მინდა მჯეროდეს მისი სიტყვების, თუმცა ძალიან მიძნელდება. დღესდღეობით უკრაინის დედაქალაქში მოსახლეობის 1/3-ს ცხელი წყალი არ აქვს. გარდა ამისა, ქვანახშირის მარაგიც დამთავრებულია. როდესაც რუსეთიდან პირველი ჰუმანიტარული დახმარების კოლონა შემოვიდა, ჩვენ ვნახეთ, რომ მანქანები თითქმის ცარიელი იყო. ამ მანქანებით უკრაინიდან ქვანახშირის დიდი რაოდენობა მოიპარეს. ენერგეტიკასთან პრობლემა, სიცივე, არჩევნები. ეს ზამთრის თვეები ძალიან რთული იქნება.
-შეგიძლიათ თუ არა გააკეთოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროგნოზი?
– პროგნოზების გაკეთება რთულია. საუკეთესო შემთხვევაში იქნება ეგრეთ წოდებული ოპოზიციური კოალიცია. პოროშენკოს და იაცენიუკის საარჩევნო სიების მიხედვით, ვხედავთ, რომ მათ გუნდებში ძველი, ყველასთვის ნაცნობი პირები ფიგურირებენ. უკრაინის მოსახლეების აზრით, ლუსტრაცია უნდა ამოქმედდეს იმისთვის, რომ ამ პირების დასჯა მოხდეს. უარეს შემთხვევაში არჩევნების შემდეგ შესაძლოა, მოსახლეობა პროტესტით გამოვიდეს და „მაიდან 3-ის“ ორგანიზება მოხდეს.
– საქართველოს მოსახლეობა აკვირდება მოვლენებს უკრაინაში და თანაგრძნობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები?
– ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ დიდი იმედი იყო, რომ საქართველოს და უკრაინას კარგი ურთიერთობები ექნებოდათ. ჩვენ ერთად ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, დემოკრატიისკენ მივისწრაფოდით. სხვათა შორის, სააკაშვილმა საქართველოსთვის ბევრი გააკეთა. თუნდაც ერთი მაგალითი – პოლიციის სისტემაში კორუფციის აღმოფხვრაა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ახლა ვფიქრობ, რომ უკრაინას ბევრი სამუშაო აქვს, მან უნდა გააანალიზოს ასევე საქართველოს ქმედებები და საქართველოს მაგალითზე რუსეთთან ურთიერთობისას მისი შეცდომები არ გაიმეოროს.
ცნობისთვის, ლადა როსლიცკა – სამართლის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორია. ის ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიის მშენებლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტია. მას მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ლადა როსლიცკა უსაფრთხოების და პოლიტიკურ-კრიმინალური პოსტსაბჭოური ურთიერთობების შესახებ უამრავი სტატიის ავტორია. მისი კვლევების უმეტესობა რუსეთის გეოპოლიტიკურ სეპერატისტულ სტრატეგიაზეა ფოკუსირებული. გარდა ამისა, მის ნამუშევრებში ასახულია, თუ როგორ შეასრულეს მთავარი როლი უკრაინაში სეპარატიზმის სტიმულირებისთვის პოსტსაბჭოური პოლიტიკური სისხლის სამართლის ურთიერთობებმა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქმედებებმა. დოქტორ ლადა როსლიცკა პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთვის უცხოეთში საარჩევნო სისტემების კუთხით არჩევნების კოორდინატორად კანადაში მუშაობდა. ის ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენციის და საგამოძიებო – საზოგადოებრივი კომისიის უცხოური მრჩეველია. გარდა ამისა, ლადა როსლიცკა „ევრომაიდან სოს“-ისთვის მუშაობს, კანადაში კი „ევრომაიდან ოტავას“ წარმომადგენელია. იგი უამრავი დემონსტრაციის და მრგვალი მაგიდის ორგანიზატორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები