ქართული სინფონიეტას წარმატება პოლონეთში

         პოლონეთში, ძველებური მუსიკის ფესტივალზე Goldberg Festival ევროპაში კავკასიიდან პირველი ბაროკო – ორკესტრი, საქართველოდან ჩავიდა. საქართველოს სინფონიეტას კონცერტი ქალაქ გდანსკში 12 სექტემბერს გაიმართა. ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია. აგრეთვე მონაწილეობდნენ: ინგრიდა გაპოვა (სოპრანო), ჯორჯია ბრაუნი (ფლეიტა), დირიჟორი პაველ კოტლა.
„კვირა“ პოლონეთიდან დაბრუნებული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ქერელაშვილს და ორკესტრის დირექტორს კოტე კასრაძეს გაესაუბრა:

კვირა: მოგვიყევით, როგორ ჩაიარა კონცერტმა?

გიორგი ქერელაშვილი: ძალიან თბილად მიგვიღეს, პოლონელები, ზოგადად, ძალიან კარგად არიან ჩვენს მიმართ განწყობილი, ეს კეთილგანწყობა დარბაზიდან ისეთ პოზიტიურ მუხტად მოდიოდა, რომ ცუდად დაკვრა უბრალოდ შეუძლებელი იყო (იცინის). ორკესტრმაც ძალიან მოინდომა და მართლა კარგი კონცერტი გამოგვივიდა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სალომე ჯიქიამ, რომელიც, ჩემი აზრით, მართლაც, შესანიშნავი სოპრანოა. ოვაციები მრავლად იყო, კონცერტის შემდეგაც მაღალი შეფასება მოგვცეს – მოკლედ ყველა ძალიან კმაყოფილი ვართ.

კვირა: რეპერტუარის შესახებ მოგვიყევით, რომელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა?

გიორგი ქერელაშვილი: შევასრულეთ იოჰან სებასტიან ბახისა და ორი პოლონელი კომპოზიტორის, დუ გრაინისა და პუკლიცის ნაწარმოებები

კვირა: ორი სიტყვით (გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის) აგვიხსენით, რას ნიშნავს ბაროკო ორკესტრი?

კოტე კასრაძე: ეს არის ძველებური საკრავებით აღჭურვილი ორკესტრი, ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური მანერით შესრულება საქართველოსთვის სიახლეა, მაშინ, როცა ევროპაში ათეულობით წელია აღდგა და ძალზე პოპულარული გახდა აღნიშნული მანერით შესრულება. ჩვენი ბაროკო ორკესტრი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, კავკასიის მასშტაბით ერთადერთია.

კვირა: ორკესტრის სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით…

კოტე კასრაძე: გვაქვს დიდი სურვილი, მსგავსი ფესტივალი საქართველოშიც ჩატარდეს, ამისთვის ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

10694903_10202976983531792_439037129_n

10705190_10202976982171758_2068946045_n

10705258_10202976981011729_1036549616_n

10707893_10202976981931752_616007972_n

10708259_10202976982691771_482731478_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები