NYT: ბელგოროდთან “ილ-76” Patriot-ის სისტემით ჩამოაგდეს
ბელგოროდის ოლქში 24 იანვარს რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი – “ილ-76” საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot-დან გაშვებული რაკეტით იყო ჩამოგდებული.
ამის შესახებ The New York Times-ი ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ იმყოფებოდნენ თუ არა თვითმფრინავის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები – ისევ უცნობია.
გამოცემის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინას ნამდვილად შეეძლო მოქმედება მცდარი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე. თვითმფრინავი ადრე გამოიყენებოდა რაკეტების გადასატანად, რაც მას კიევისთვის მნიშვნელოვან სამიზნედ აქცევდა.
იანვარში კიევში მიიჩნიეს, რომ “ილ-76” დატვირთული იყო რაკეტებით, “პატრიოტის” გამშვები მოწყობილობა საზღვართან მიიტანეს და იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი მოქმედების არეალში იყო, რაკეტა გაუშვეს.