დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

“ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას “ფეისბუქ” სტატუსზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ცხოველს კი არა პირდაპირ ადამიანებს ხოცავდნენ ქუჩაში ახლა ჰუმანისტის მანტია აქვთ მორგებული.

„ხელისუფლების წარმომადგენელი, 2012 წლამდე რომ მართავდა ქვეყანას, მაგალითად, უგულავას პოსტი გამახსენდა, ახლა მას ჰუმანისტის მანტია აქვს მორგებული. უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ და ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ. დღეს ამ სადისტური რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ დეზინფორმაციული კამპანიიდან გამომდინარე, ჩირქი მოსცხონ მთელ ამ პროცესს და გამოიყენონ საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის. იცის საზოგადოებამ რა პროცესსაც აქვს ადგილი, მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ, სააგენტომაც გააკეთა კონკრეტული განმარტებები ჰიპერპოპულაციის მართვის პროცესში გარკვეული გამოწვევების ფონზე. თქვენ კარგად იცით ქართველ ხალხს როგორი ემოციური დამოკიდებულება აქვს ცხოველების მიმართ, ძაღლების მიმართ განსაკუთრებით, მათ შორის პირადად მეც. ამიტომ ფიქრობენ ეს ამორალური რადიკალები, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი – შეხედეთ ყველა მიტინგს, საპროტესტო აქციას! არასდროს ძაღლები არ არიან “ძაღლების” მხარეს. მეტიც უკრაინის ბრძოლის კადრები რომ ნახოთ, ათასი უბედურებაა იქ, მაგრამ არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ.
პ.ს. ზოგჯერ ჭკუის შეშლამდე ბანალურია ალოგიკური გადაწყვეტილებების მოტივაცია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები