ბრაზილიაში, განქორწინების შემდეგ შინაური ცხოველების მოვლის წესები შემოიღეს
ბრაზილიაში, წყვილის დაშორების შემთხვევაში, შინაური ცხოველების მეურვეობის სასამართლო რეგულირების შესაძლებლობა კანონმდებლობით დაშვებულია,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
შესაბამის ცვლილებებს მხარი ქვეყნის კონგრესმა დაუჭირა. აღნიშნული ცვლილებები ოჯახის სტრუქტურაში შინაური ცხოველების მზარდ როლს ასახავს.
ახალი რეგულაციების თანახმად, თუ ყოფილი პარტნიორები დამოუკიდებლად ვერ შეთანხმდებიან ცხოველის ბედზე, სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ერთობლივი მეურვეობის შეთანხმება და გადაანაწილოს მისი მოვლა-პატრონობის ფინანსური პასუხისმგებლობა.
მთავარი პირობაა, რომ წყვილი შინაურ ცხოველთან ერთად მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში ცხოვრობდეს.
კანონი ასევე აწესებს შეზღუდვებს, რომ ერთობლივი მეურვეობა არ შეიძლება მიენიჭოს დაშორებულ წყვილს, თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს ნასამართლევობა ან მონაწილეობს ოჯახში ძალადობის ეპიზოდებში, ან არსებობს მისი წარმოშობის რისკი.
ცვლილებების ინიციატორები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი სამართლებრივი დავების ზრდა ბოლო წლებში შესამჩნევ ტენდენციად იქცა.
ისინი მიიჩნევენ, რომ ეს სოციალური ღირებულებების ტრანსფორმაციასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს შინაურ ცხოველებს არა საკუთრებად, არამედ ოჯახის სრულფასოვან წევრებად.