დაიბადა თბილისში. 16 წლისაა. მრავალშვილიანი ოჯახიდან. N221 საჯარო მეგა სკოლის მე-10 კლასელია. ხატავს ბავშვობიდან. უყვარს ხატვა გრაფიკულ სტილში. ამბობს, რომ ფანქარში უფრო შესაძლებელია ძლიერად გადმოსცე ფორმები შუქჩრდილით. ხატვის გარდა გატაცებულია: სპორტით, კითხვით, კონდიტერიით. დადის წრეზე, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში“. ამ სფეროშიც წარმატებებს არ გამორიცხავს. – ელენე მიქაცაძის პერსონა.
– 3-4 წლიდან ხატავთ. პირველი ნახატები…
– ხატვა დავიწყე ბაღში როცა 3-4 წლის ვიყავი. ვხატავდი პეიზაჟებს, სახლში რომ მომქონდა, დედა მიფასებდა და დიდ მოტივაციას მაძლევდა. მინდა დავამატო ისიც, რომ ხატვაზე არასდროს მივლია, ვარ თვითნასწავლი.
– ხატვის სიყვარული ასაკის მატებასთან ერთად ალბათ გაძლიერდა…
– რა თქმა უნდა, ზრდასთან ერთად იზრდება როგორც სიყვარული, ისე ინტერესიც.
– სკოლის მოსწავლე ხართ. ხატვის დროს როდის ნახულობთ?
– დავალებების დასრულების შემდეგ თუ დრო მრჩება, დავჯდები და ვხატავ, აუცილებლად მუსიკასთან ერთად. ყოფილა შემთხვევები, როცა სკოლის პროექტებისთვის ღამეც კი გამითენებია, მაგრამ უმთავრესი ჩემთვის ის სიამოვნებაა, რასაც ხატვის პროცესში ვიღებ.
– უმეტესად ვისი/რისი დახატვა გიყვართ?
– მიყვარს გრაფიკულ სტილში ყველაფრის დახატვა, რაც სიამოვნებას მომანიჭებს. ხანდახან ჩანახატებსაც ვაკეთებ. აქვე ვიტყვი, რომ ვხატავ “Pixel Art”-ის კოლექციას, რომელიც ჩემი საძინებლის კედელს ამშვენებს.
– დახატეთ ბალდუინ მეოთხე…
– დავიწყებ იმით, რომ მიყვარს ისტორია, ხოლო ბალდუინ მე-4 ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორიული გმირია. ფილმის „ზეციური სამეფოს“ ყურების შემდგომ სპონტანურად გადავწყვიტე მისი დახატვა.
– გრაფიკული ნამუშევრების ხატვა გიყვართ…
– რადგანაც ვფიქრობ, რომ უფრო ახლოს არის ჩემს ხასიათთან. ასევე მიყვარს ახლის ძიება და ყოველი ნამუშევრის შემდგომ მიმაჩნია, რომ, უფრო და უფრო ვიხვეწები. ვფიქრობ, ფანქარში უფრო ძლიერად გადმოსცემ ფორმებს შუქჩრდილით.
– ქეთევან დედოფალი… შარშან საღამოც მიუძღვენით სკოლაში. როგორ დაიხატა მისი პორტრეტი?
– მინდა ვთქვა, რომ ნახატის ინიციატორი ჩემი დამრიგებელი ლია მასწავლებელი იყო, ხოლო იდეა – ჩემი. ეს გამოწვევა იყო (მსგავსი წმინდანის დახატვა). პორტრეტი დასრულების შემდეგ დედამ შემიფასა და დადებითი ემოციით ამავსო.
– ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულში“ თქვენ მიერ დახატული რევაზ ინანიშვილი დაიბეჭდა…
– კლასის დამრიგებლის, ლია მამულაშვილის, ინიციატივით, ყოველთვის განვიხილავთ მწერლის ნაწარმოებებს. რევაზ ინანიშვილს დიდ პატივს ვცემ, ხოლო ჩემთვის მისი ნოველებიდან „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ გამორჩეულია.
– ხატვა რა არის თქვენთვის? საყვარელი მწერალი, მხატვარი…
– ხატვა ჩემთვის როგორც განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ხატვის მეშვეობით შემიძლია, გადმოვცე ჩემი გრძნობები, ემოციები და ჩემი შინაგანი სამყარო. საყვარელი მწერალი არის: გრიგოლ აბაშიძე, შარლოტა ბრონტე, აგათა კრისტი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საყვარელი მხატვარი არ მყავს, რადგანაც ვფიქრობ, რომ თითოეულ მხატვარს აქვს „რაღაც”, რაც მე მიზიდავს. მაგალითად: ვან გოგის – ფერთა გამა, და ვინჩის – თემატიკა, დალის – იდეა, მოდილიანის – სტილი, რუბენსის – ფერთა გამა, ქსოვილების სიმსუბუქე და სიმძიმე…
– რომელი საგნები გიყვართ?
– ყველა საგანს პატივს ვცემ, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ საგნების სიყვარული იწყება ჩვენი მშობლიური – ქართული ენით, გრძელდება ისტორიით, როგორც საქართველოსი ისევე მსოფლიოსი. ასევე მიყვარს გეოგრაფია და ბიოლოგია. ვიტყვი იმასაც, რომ საგნის სიყვარული დამოკიდებულია მასწავლებელზე და მის მიდგომებზე.
– ჰობი… ხატვის გარდა რით ხართ გატაცებული?
– სპორტით: ჩოგბურთით, ცეკვით, ცურვით, მაგიდის ჩოგბურთით… ყველა სახეობაში მივაღწიე გარკვეულ წარმატებებს. ბავშვობიდანვე თან დამყვება ფიზიკური ძალა და, შესაბამისად, ვცდილობ ეფექტურად დავხარჯო კიდეც.
კითხვა: ძალიან მიყვარს კლასგარეშე საკითხავი წიგნები, ყველა წიგნი განურჩევლად ჟანრისა, არის, თავის მხრივ, რაღაცის მასწავლებელი. ჩემი საყვარელი ჟანრი კი დეტექტივია და სათავგადასავლო. აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ წიგნი საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის (რაც ხშირად ხდება), შემიძლია 1-2 დღეშივე დავასრულო კითხვა. საყვარელი წიგნი კი არის პოლ ლინჩის „მისნის სიმღერა”, რომელიც ტოტალიტარიზმზეა.
კონდიტერია: უზომოდ მიყვარს დესერტების მზადება დედაჩემის რეცეპტებიდან. ვფიქრობ, ამ მხრივ განვითარება უსასრულოა.
– მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობთ…
– ჩვენი ოჯახი ხელოვნების გარეშე უბრალოდ არ არსებობს. მყავს 3 და და 1 ძმა. ხელოვნების სიყვარული მოდის, პირველ ყოვლისა, მშობლებიდან. დედის – ლანა ლანჩავას (ის გახდა ბავშვობიდანვე უდიდესი მოტივატორი) დამსახურებაა, რომ ბავშვებს დაბადებიდანვე ჩაგვინერგა მხატვრობის სიყვარული. მამა – დავით მიქაცაძე მუდამ ცდილობს, რომ ხელოვნების ინტერესი არ დავკარგოთ.
– გამოფენები, კონკურსები…
– აქამდე არასდროს მიმიღია გამოფენებში მონაწილეობა და არც მიფიქრია, რადგანაც ვფიქრობ, ჯერ სათანადოდ მზად არ ვარ.
– მომავალში რა პროფესიას აირჩევთ?
– ეს ჩემი საყვარელი კითხვაა, რომელზედაც წამითაც არ დავფიქრებულვარ არასდროს, რადგანაც ჩემს არჩევანზე ჯერ კიდევ 6 წლიდან მყარად ვდგავარ და არ შემიცვლია. ეს არის პროკურორობა. მინდა მოვკიდო ხელი იურისტობას, სამართალი ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. დავდივარ წრეზე, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში”. უკვე დავასრულე პირველი კურსი და ცოტა ხნის წინ დავიწყე მეორე საფეხური. ვფიქრობ, ამ სფეროში წარმატებებს მივაღწევ.










თამარ შაიშმელაშვილი