ვახტანგ კაპანაძე: არ მგონია, ამ ეტაპზე რუსეთს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, უშუალოდ ნატოს დაუპირისპირდეს

“არ მგონია, ამ ეტაპზე რუსეთს ჰქონდეს ან შესაძლებლობა, ან სურვილი, რომ უშუალოდ ნატოს დაუპირისპირდეს. რეალურად შევხედოთ სურათს. გასაგებია, რომ უკრაინაში რუსეთი ინიციატივას ინარჩუნებს, მაგრამ მხოლოდ ტაქტიკურ დონესა და ცალკეულ მიმართულებებზე. უკრაინა განაგრძობს შეტევებს…”, – ამის შესახებ გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დღეს რუსეთს არ გააჩნია ის უპირატესობა, რაც მის გარდამტეხ წინსვლას განაპირობებს.

“როდესაც დოკუმენტს გრიფი “საიდუმლო” აქვს მინიჭებული და ის გაიჟონება, როგორც წესი, ეს ხდება იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს, რა, როგორ და რატომ ხდება. ნატოს სამხედრო სწავლებას რაც შეეხება, საინტერესო ის არის, რომ მოწინააღმდეგედ პირდაპირ რუსეთია დასახელებული და არა ვთქვათ, პირობითი მოწინააღმდეგე – “წითლები” და ა.შ. გეოგრაფიაც რეალურია, სამხედრო დანაყოფებიც და სხვ…. ეს არის მძიმე ვარიანტი და არა მგონია, ამ ვარიანტისთვის რუსები დღეს მზად იყვნენ. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ მას შემდეგ, რაც 1200 კმ ნატოს საზღვარი დაემატა რუსეთს, სულ სხვა პირობებია. შესაბამისად, რუსეთს თავისი ძალების ცოტა სხვაგვარად გადანაწილება მოუწევს.

“რა თქმა უნდა ეს გაფრთხილება რუსეთს შეაჩერებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ნატო და არც ნატოს წევრი სახელმწიფოები სხედან გულხელდაკრეფილი. როგორც გახსოვთ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნატო უნდა ადაპტირდეს ერაში, რომელშიც ნებისმიერ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერაში, რომელშიც ჩვენ გვჭირდება, ველოდოთ ყველაფერ მოულოდნელს, და ერაში, რომელშიც ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება ეფექტურობაზე, რათა ვიყოთ სრულად ეფექტური. ეს ნიშნავს, რომ ნატოში ცვლილებებია და კიდევ იქნება. გარდა ამისა, გაცხადებულია, რომ ნატოს თითოეულმა წევრმა თავისი საომარი პოტენციალი იმ დონემდე უნდა აამაღლოს, რომ დამოუკიდებლადაც, შესაძლებლობების ფარგლებში შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა, რაც თავისთავად გააძლიერებს ნატოს. ამიტომაც, ვფიქრობ, ამ დოკუმენტის გაჟონვა უფრო პრევენციული აქტია, გაფრთხილების მანიშნებელი, ვიდრე უბრალოდ რუკებზე თამაში. დოკუმენტში ნახსენები “სუვალკის დერეფნის” მიმართულება რეალურია იმ გაგებით, რომ თუკი რუსეთი მართლაც გაბედავს ნატოზე შეტევას, ალბათ, ყველაზე რეალურია ამ მიმართულებას მიაყენოს დარტყმა, ვინაიდან რუსეთმა ბალტიის ზღვაში დაკარგა ბალტიის ფლოტი, რეალობა ისეთია, რომ რუსეთი ვიწრო ყელით არის დაკავშირებული ბალტიის ზღვასთან და მესამე ქვეყანა, შვედეთი, უკვე ნატოს წევრია. დაახლოებით მსგავსი ვითარება აქვს რუსეთს შავ ზღვაშიც. ამიტომ აქვს ასეთი გამძაფრებული ინტერესი შავ ზღვაზე. ყირიმის მიმართულება და აზოვის ზღვა რუსეთისთვის მოწყვლადი ხდება და ამიტომ ცდილობს რამენაირად გადმოიწიოს და აფხაზეთისკენ ჩამოსწიოს თავისი ძალები, ვინაიდან ბალტიის სცენარის განვითარებით შავ ზღვაში რუსეთი კარგავს ახლო აღმოსავლეთში გასასვლელს. შესაბამისად, თუკი ჩავთვლით, რომ რუსეთი ნატოს დაარტყამს, ეს მიმართულება ყველაზე რეალისტური მგონია. თუმცა, როგორც ზემოთ გითხარით, სამხედრო სწავლებებში ასეთი სცენარები მიღებულია. ეს არის სწავლების შემადგენელი ნაწილი და ომის დაწყებას არ მოასწავებს. არა მგონია, ამ ეტაპზე რუსეთს ჰქონდეს ან შესაძლებლობა, ან სურვილი, რომ უშუალოდ ნატოს დაუპირისპირდეს.

რეალურად შევხედოთ სურათს. გასაგებია, რომ უკრაინაში რუსეთი ინიციატივას ინარჩუნებს, მაგრამ მხოლოდ ტაქტიკურ დონესა და ცალკეულ მიმართულებებზე. უკრაინა განაგრძობს შეტევებს, ბოლო დღეებში ლუგანსკის მიმართულებაზე გადავიდა შეტევაზე. დიდი წარმატება არც ერთს აქვს და არც მეორეს. მეხუთე თვეა, რუსებმა ალყა ვერ შემოარტყეს ავდეევკას, არათუ აიღეს. მიუხედავად ასე თუ ისე წინსვლისა და უპირატესობისა, რუსეთმა ამ ტემპით თუ გააგრძელა, შეიძლება 24-ე საუკუნეში გავიდეს დნეპრზე. დღეს რუსეთს არ გააჩნია ის უპირატესობა, რაც მის გარდამტეხ წინსვლას განაპირობებს. თუ საუბარია იმაზე, რომ რაც დაიკავა, ის ტერიტორია შეინარჩუნოს, კი, საამისო ძალა აქვს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეცვლის უკრაინა სტრატეგიას. ჩემი აზრით, უკრაინა უფრო სხვა, მაგალითად, არაპირდაპირი დარტყმების სტრატეგიაზე უნდა გადავიდეს, რაშიც დაეხმარება დასავლეთიდან შორი მანძილის რაკეტებით მომარაგება, ხოლო დასავლეთმა უნდა იტვირთოს რუსეთთან დაპირისპირება გამოფიტვის სტრატეგიის გამოყენებით. ამან გაამართლა ”ცივი ომის” დროს და რუსეთთან ომის დროსაც გაამართლებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი ამას რეალურად გააკეთებს და არა დროდადრო.

ნუ ვიტყვით, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ჯერ ერთი, ევროპაში რუსეთიდან ენერგომატარებლების შესვლა 50-დან 5%-მდეა შემცირებული. ინდოეთ-ჩინეთისკენ გაიზარდა, მაგრამ გადის უფრო იაფად და ინდოეთი რა ვალუტაში გადაიხდის ამის საფასურს, ესეც კი არ არის გადაწყვეტილი. ამიტომაც არც ისე მარტივადაა საქმე, რუსეთში კვერცხის დეფიციტიც კარგი ცხოვრების მაჩვენებელი არ არის… კუმულაციური ეფექტი აქვს ამ სანქციებს. ის, რომ რუსეთმა გააძლიერა თავდაცვითი ინდუსტრია, გადააწყო ქვეყანა ომის რელსებზე, ხომ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებები შესუსტდა, კერძოდ, ეკონომიკის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის. ჰაერიდან მოტანილი სახსრებით ხომ არ გააძლიერა სამხედრო მიმართულება? აგერ, ჩრდილოეთ კორეას რაკეტების მოცემას ეხვეწებოდნენ. ასე რომ, რუსეთს ასე მარტივად არა აქვს საქმე. თუმცა არ გამოვრიცხავ ჰქონდეს ომის გაგრძელების რესურსი. ვიმეორებ, ამ სიტუაციის შესაცვლელად, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის სტრატეგიის ცვლილება და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის გაძლიერება. რაც შეეხება პაკისტან-ირანის დაპირისპირებას, ეს პირველ რიგში რუსეთს არ აწყობს. არ შედის ახლა რუსეთის ინტერესში ის, რომ მისი მოკავშირე ირანი სხვა მიმართულებაზე გადაერთოს. ასევე არა მგონია, რუსეთს ძალიან აწყობდეს ჰუსიტების გააქტიურება, ვინაიდან ამან შესაძლოა ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს ჩინეთში. ეს ეკონომიკას დაარტყამს. ჰუსიტების თავდასხმები ტვირთბრუნვას აზარალებს, არავის სურს მილიონობით დოლარი დაკარგოს მართლაც ჩუსტებიანი ტერორისტების გამო… ჰუსიტებმა თავი შეახსენეს მსოფლიოსა და ირანს, რომ ირანის დაფინანსება რაღაცაში გამოიყენეს, რომ ფულს ტყუილად არ იღებენ, ირან-პაკისტანის დაპირისპირებაზე კი ძნელია თქმა, ამის უკან რა დევს, ფაქტია, ირანი აშკარად შარში ყოფს თავს. ყველა მიმართულებით ყველას უპირისპირდება, ყველასთან ომი კი ნამდვილად არ წაადგება”, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები