ტრამპმა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის პირველი გამარჯვება აიოვას შტატში მოიპოვა

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევნებში აიოვას შტატში გაიმარჯვა. ეს არის პირველი შტატი, სადაც ნომინაციისთვის კენჭისყრა ჩატარდა.

38 ათასზე მეტი ხმის დათვლის შემდეგ, ტრამპმა 53% მიიღო; ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა – 20,1%; აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ – 18,3%; ვივეკ რამასვაიმ 7,7% დააგროვა.

რაც შეეხება დანარჩენ სამმა კანდიდატს, თითომ 1%-ზე ნაკლები ხმა მოიპოვა.

15 იანვარს დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებიც შეიკრიბნენ, მაგრამ მათი ხმის მიცემა ფოსტით მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. შედეგები 5 მარტისთვის დაიდება.

რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევნები ორ ფორმატში ტარდება – კოკუსი და პრაიმერი. კოკუსი ამომრჩეველთა არაფორმალური შეხვედრებია, რომლებიც ორგანიზებულია კონკრეტული პარტიის მიერ ადგილობრივ დონეზე და ხმების დათვლა შესაძლებელია ხელის აწევითაც. პრაიმერი კი, შტატის მთავრობების მიერ არის ორგანიზებული და ხმის მისაცემად გამოიყენება საარჩევნო ყუთები და ბიულეტენები.

პრაიმერებისა და კოკუსების შედეგები განსაზღვრავს პარტიული დელეგატების რაოდენობას თითოეული შტატიდან, რომლებიც ხმას მისცემენ კონკრეტულ კანდიდატს პარტიულ ყრილობებზე, რომლებსაც ორივე პარტია ზაფხულში გამართავს. კანდიდატად წარდგენისთვის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა დელეგატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

აიოვას შტატში გამარჯვება ტრამპს,, სულ მცირე 20 დელეგატის ხმას მოუტანს (ყრილობაზე აიოვას შტატი 40 დელეგატით არის წარმოდგენილი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები