სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი პრესკონფერენციის დროს დაჭრეს (ვიდეო)

სამხრეთ კორეის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ლი ჯე-მიუნგი ქალაქ ბუსანში,  პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, პოლიტიკოსი ახლად აშენებულ აეროპორტში ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და კისრის მარცხენა მხარეს 1 სანტიმეტრიანი ჭრილობა მიაყენეს.

ლი ჯე-მიუნგი სეულის ეროვნულ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.

პარტიის სპიკერმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯე-მიუნგზე თავდასხმა დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, რომელმაც მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა და სამართალდამცველებს მომხდარის სწრაფად გამოძიება დაავალა.

დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჰონგმა პარტიის წევრებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ინციდენტის პოლიტიკური ინტერპრეტაციისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები