ადამიანის თავისუფლების ინდექსში 2012 წლის შემდეგ რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო ევრაზიაში ლიდერობს და მსოფლიო ხუთეულშია
„ ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, გამოქვეყნდა რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყნასა და ტერიტორიაზე ადამიანის თავისუფლების ხარისხს სწავლობს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით.
ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს ფაიზერის ინსტიტუტი და კატონის ინსტიტუტი ერთობრივად აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ინდექსი მეთოდოლოგიურად გადამუშავდა და წინა ისტორიული მონაცემებიც დაკორექტირდა.
საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილზე გავიდა მონტენეგროსთან ერთად თანაბარი ქულით, ამასთან უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. საქართველო რეიტინგში უსწრებს სინგაპურს, ჰონგკონგს, პოლონეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელს, თურქეთს, ალბანეთს და ა.შ.
კვლევამ ყურადღება გაამახვილა XXI საუკუნეში განცდილ 20 წლიან სარეიტინგო პროგრესზე და ქვეყნების მიმდინარე რეიტინგები მეოცე საუკუნის ბოლო წელიწადს, 2000 წელს გამომსახველობითად შეადარა, სადაც საქართველომ მნიშვნელოვანი, 23 ადგილიანი წინსვლა აჩვენა.
გამოცემის შეფასებით, XX საუკუნის ბოლო წელიწადს, ანუ 2000 წელს საქართველო მსოფლიოში ძალიან სავალალო, 65-ე ადგილზე იყო, თუმცა ამაზე უარესი სარეიტინგო პოზიცია 21-ე საუკუნეში საქართველოს მხოლოდ 2009-2012 წლებში აღმოაჩნდა, როცა მისი რეიტინგი მსოფლიოში 72-ე და 69-ე ადგილს შორის მერყეობდა. 2012 წლის შემდეგ რეიტინგმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო და ქვეყანა უკვე 27 ადგილით არის დაწინაურებული. 2012 წლის შემდეგ რეიტინგის გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიო ხუთეულშია, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.
რეიტინგის აგრეგატებიდან აღსანიშნავია „სასამართლოების მიუკერძოებლობის“ ინდიკატორი, სადაც საქართველომ გაუსწრო ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს და ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 ქვეყანას: ლატვიას, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, თურქეთს, ჩრდლოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს.
რაც შეეხება „სასამართლო დამოუკიდებლობის“ ინდიკატორს აქ საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ხორვატიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველოს ყველა მეზობელმა ქვეყანამ.