გიორგი ბილანიშვილი: კანდიდატის სტატუსი ჩვენს პერსპექტივას ზრდის

“კანდიდატის სტატუსი ჩვენს პერსპექტივას ზრდის. ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრი გავხდეთ და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ და დაადასტურა ევროკავშირის გადაწყვეტილებებმა”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ილიაუნის პროფესორი გიორგი ბილანიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთიდან საფრთხის გაზრდის მოლოდინი არ აქვს.

“თუ ე.წ. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინის ნათქვამით ვიმსჯელებთ, უკრაინის შესახებ რაც თქვა, იმას აჩვენებს, რომ უკან დახევას არ აპირებს. თუმცა საგარეო პოლიტიკაზე ძალიან ცოტა ილაპარაკა, უფრო შიდა პრობლემებზე იყო კონცენტრირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი კონფერენციების დიზაინი წინასწარ კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ის შემთხვევითი არ ყოფილა და მას საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უნდოდა. ამიტომაც ეს რეალობას არანაირად არ ასახავდა, საგარეო პოლიტიკაზე რას ფიქრობს, ამ პრესკონფერენციიდან ახალ დასკვნას ვერ გამოვიტანთ. რაც შეეხება მის ინტერესებს კავკასიაში, პოზიცია ცნობილია და ის, რომ ახლა არ უხსენებია, ბევრს არაფერს ცვლის. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ახსნის იმ კითხვის ნიშანს, ამ რეგიონის ქვეყნებს რეალურად შეუძლიათ თუ არა გაწევრდნენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ეს არის ძალიან დადებითი მომენტი, ისევე, როგორც ის, თუკი დავუშვათ, სომხეთი ან აზერბაიჯანი მომავალში გადაწყვეტენ ევროკავშირთან ინტეგრაციას, ჩვენ შეგვიძლია ამაში დახმარება გავუწიოთ, თუნდაც იმით, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. ჩვენთვის, საქართველოს იმიჯისთვის, ეს ყველაფერი ძალიან დადებითი მომენტია და პოზიტიურ ასპექტში აისახება… სტატუსი აქვს თურქეთსაც, რომელიც რეგიონში სუპერძალაა, თუმცა საქართველოს და თურქეთის საკითხი უნდა განცალკევდეს ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტექნიკურად ჩვენზე წინ არიან. ძალიან დიდი ხანია, თურქეთის ინტეგრაციის პროცესი გაჭედილია, არც თურქეთის ხელისუფლება იჩენს დიდ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრებისთვის და არც საზოგადოებისგან ჩანს დიდი სურვილი და მისწრაფება. ჩვენ ხელისუფლებასთან კი გვაქვს პრეტენზია, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ დამოკიდებულება მაინც განსხვავებულია, ძალიან სწრაფად მიდის პროცესი წინ და იმედია, ასეც გაგრძელდება. ამიტომ მე მაინცდამაინც თურქეთთან პაკეტში არ განვიხილავდი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს.

ჩვენ გვირჩევნია დავეწიოთ მოლდოვასა და უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკება და მათთან ერთად­ გავაგრძელოთ ინტეგრაციის პროცესი, რადგან განწყობები უკრაინის, მოლდოვის მიმართ განსხვავებულია და მათი ძალისხმევაც უფრო მეტად არის მიმართული ევროკავშირში გაწევრებაზე, ვიდრე თურქეთის. თურქეთისთვის ამ მომენტში არ არის აქტუალური ევროკავშირში გაწევრება. რაც შეეხება ჩვენი მოლაპარაკებების დაწყებას, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც გვიწერია, და ეს უკვე პერსპექტივა კი არა, მოცემულობაა – რაც უფრო სწრაფად შევასრულებთ, მით უფრო სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებას. თუ არ შევასრულებთ და ისევ იმის იმედზე ვიქნებით, რომ ასეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა, ან ისევ ქართველი საზოგადოება გახდება ფაქტორი იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ, დაწევის შანსი ძალიან შემცირდება და ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, მოლაპარაკებებს ვერ დავიწყებთ.

სომხეთის ინტერესი ნამდვილად გამოიკვეთა, რადგან სომხეთის ხელისუფლება რუსეთისგან ცდილობს დისტანცირებას და ასე ვთქვათ, ახალი საგარეო პოლიტიკის გატარებას. მაგრამ ამავე დროს რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება ჯერ კიდევ მყარია და რუსეთის გავლენაც მძლავრია, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღი აქ ფაქტორი აღარ არის. თუმცა ფაქტორი არის ის, რომ სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი. გარდა ამისა, ეკონომიკურად სომხეთი რუსეთზე ძალიან არის გადაჯაჭვული, ჩვენზე გაცილებით მეტად. ამიტომაც ცხადია, სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა ასე მარტივი არ იქნება, მით უმეტეს, სომხეთის პოლიტიკურ ძალებში მყარად არიან პრორუსულად განწყობილი ძალები. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის, რომ სომხეთს ლობირება გავუწიოთ რაღაც დონეზე, როგორც ჩვენს მეზობელს. თუმცა სომხეთი ამას თუ მოინდომებს, სხვა ლობისტებიც ეყოლება და თან საკმაოდ ძლიერი, მაგალითად, საფრანგეთის სახით, და სომხური დიასპორის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა გაუარესებისკენ რომ წავიდეს, ამის შანსი, რა თქმა უნდა, არის, რადგან აზერბაიჯან-ყარაბაღის დამაკავშირებელ დერეფანზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა, როგორც გაცხადდა, არის მოლოდინი, რომ ბაქო და ერევანი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ამის ნაწილი კი შეიძლება გახდეს ამ საკითხის გადაწყვეტაც. ამიტომ ამწუთას უფრო პოზიტიური დინამიკის მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვიდრე ნეგატიურის, მაგრამ შორეულ მომავალში რა მოხდება, ამის თქმა მიჭირს. საქართველომ მოდერატორის როლი რომ შეასრულოს, შედარებით უფრო მძიმეწონიანი მოთამაშე უნდა იყოს და მის მიმართ ბევრად მეტი პატივისცემა არსებობდეს. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი პატივს არ გვცემენ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ისინი რაღაც კომპრომისზე დავითანხმოთ, რთულ ამოცანად მეჩვენება. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ საქართველო გახდეს მოლაპარაკების ადგილი, მაგრამ ის, რომ სერიოზული როლი შევასრულოთ ამ პროცესში, ეჭვი მეპარება.

რაც შეეხება კითხვას “სტატუსი წონას არ გვმატებს?” – წონას არ ვიცი, მაგრამ ჩვენს პერსპექტივას ზრდის. ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრი გავხდეთ და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ და დაადასტურა ევროკავშირის გადაწყვეტილებებმა. კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, რომ ამ რეგიონის ქვეყანა უნდა გახდეს თუ არა ევროკავშირის წევრი, აღარ უნდა არსებობდეს… რუსეთიდან საფრთხის გაზრდას არ ველოდები ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რუსეთი მაინც კონცენტრირებულია უკრაინაზე და ასე დარჩება უახლოეს მომავალში. მეორეა ის, რომ რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, ამ სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფერი რომ არ გაუკეთებია და მისით უკმაყოფილო მაინცდამაინც ვერ იქნება. ამავე დროს, ჩემი აზრით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთისთვის. ჯერ ერთი, ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან ძალიან გაზრდილია, ასევე გაზრდილია ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში და ეს პროდუქცია, დიდი ალბათობით, ისევ რუსეთში ხვდება, რომელიც სანქცირებულია და ასე ვთქვათ, ალტერნატიული გზები სჭირდება სხვადასხვა პროდუქციის მისაღებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და არა მგონია, რუსეთმა დამოკიდებულება და პოლიტიკა შეცვალოს… რუსეთის გავლენის შემცირებას მნიშვნელობა ექნებოდა იმ პირობებში, ჩვენს პოლიტიკურ ძალებს და პირველ რიგში ხელისუფლებას პრორუსული გადახრა რომ არ ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ასე იქნებოდა, მაგრამ ახლა რამდენად ექნება, არ ვიცი”, – განაცხადა ბილანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები