Reuters: ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ პუტინი ზავზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ წავა
ვაშინგტონში დარწმუნებულები არიან, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ზავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ დათანხმდება, რომელიც 2024 წლის ნოემბერში ჩატარდება.
ამის შესახებ Reuters-სთვის გაკეთებულ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, რადგან არის გაცნობიერებული, რომ მომავალ წელს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.
”მე ველოდები, რომ პუტინი არ წავა მშვიდობაზე ან შინაარსობრივ შეთანხმებაზე იქამდე, ვიდრე არ ნახავს ჩვენი არჩევნების შედეგებს”, – თქვა მან.
კითხვაზე, გამოხატავს თუ არა ის პირად აზრს თუ აშშ-ის მთავრობის პოზიციას, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ეს არის “საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება”.
”სწორედ ამ კონტექსტში, მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს,” – დასძინა მან.