გიორგი ვოლსკი: სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს აქ ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული
“სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს აქ ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„მიხეილ სააკაშვილი თვითონ არაერთხელ აცხადებდა, რომ რამდენიმე ათეული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან სხვადასხვა თემასთან მიმართებით. აცხადებდა, რომ საქართველო ნატოზე უარს იტყვის და ნატოში წევრობისკენ მისწრაფებას არ უნდა გადააყოლოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ეს მისი სიტყვებია. მათ შორის, მაღალი ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ ჰქონოდა ისეთი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც მან არაერთხელ გამოხატა პუტინთან შეხვედრის დროს, რასაც შედეგი მოჰყვა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილია ოკუპირებული იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც მან ჩაიდინა, როდესაც შეწყვიტა საერთაშორისო მხარდაჭერილი მოლაპარაკებები. ყველაფერი ჩამოანგრია და თუკი პატრიარქი რაიმე სიტყვას ამბობს, სადმე რაღაც დონეზე, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო არ დაინგრეს, მათ შორის რუსული აგრესიის ქვეშ.
სწორედ საპატრიარქო იყო, სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს აქ ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ილია II-მ 2014 წელს მოსკოვში პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ ერთ პიროვნებაში მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა.”