პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, ბასრი საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.
“ბრალდებული სამართალდამცველებმა 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- წერია ინფორმაციაში.