უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა

2014 წლის 12 სექტემბერს, 14:30 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება პროექტის: „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)’’ პრეზენტაცია.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით 6 თვის განმავლობაში განხორციელდება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ უნიკალურ ძეგლებთან ერთად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყდაში ჩასმულ XI-XIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებს. მათ შორის აღსანიშნავია ტბეთის, წყაროსთავისა და ბერთის სახარებები, რომელთა ყდები მოჭედილია ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ. ძეგლთა უმეტესობას აღენიშნება ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანებები.
პროექტი „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა“ ითვალისწინებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული XI-XIII საუკუნეების მოჭედილყდიანი ხელნაწერების ყდების დეტალურ შესწავლას, დიაგნოსტიკას და კონსერვაციის მეთოდის განსაზღვრას მათი შემდგომი კონსერვაციისა და დაცვის, პოპულარიზაციისა და პროპაგანდისათვის.
პროექტის ფარგლებში მომზადდება ორენოვანი ალბომი, რომელიც განკუთვნილი და საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრები, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები