გიორგი ცუცქირიძე: საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ მისიას და გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც ბოლოს რუსეთის იმპერიის ნაწილად ქცევისას დაკარგა
საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ მისიას და გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც ბოლოს რუსეთის იმპერიის ნაწილად ქცევისას დაკარგა, გასული საუკუნის 20-იან წლებში წითელი ოკუპაციის ჩათვლით, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ბიზანტიის დაცემიდან ექვსი საუკუნის შემდეგ, ევროპის აქ შემოსვლით საქართველო რჩება კავკასიის ცივილიზაციის ცენტრად და ევროპის ბოლო კარიბჭედ.
„როდესაც სულხან-საბა ევროპაში წავიდა რათა საქართველო ევროპა-ბიზანტიური სივრცის ნაწილად ქცეულიყო, დღემდე ბევრმა ეს მის კათოლიკურ რწმენაზე გადასვლას დაუკავშირა. როდესაც ჩემ პოსტებში ხაზს ვუსვამ ევროპის, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ბოლო ნავსაყუდელს, ესეც ზოგჯერ გადაჭარბებულად მიაჩნიათ და ევროპას, სამწუხაროდ, აქ რუსული პროპაგანდის ნარატივად, გარყვნილების განზომილებაში განიხილავენ!
ამ დროს ევროპული იდენტობა სწორედ ქრისტიანობის ისტორიულ საფუძველზე და განმანათლებლობაზე იდგა და დღესაც დგას, ამიტომ არის მსოფლიო საგანმანათლებლო კოჰორტაში ევროპის მეცნიერება, ხოლო წამყვანი უნივერსიტეტები ტოპ 10-ში, მაშინ, როდესაც „ალმა მატერი“ ოდენ 500 იქით არის! და თუ ცალკეული მიუღებელი სენტენციები ულტრა ლიბერალიზმის სახით, საპირწონედ კონსერვატიზმი და საკუთარი იდენტობის მძლავრი ფესვებია, და რადგან ქრისტიანობის მთავარი საზომი მოყვასის სიყვარულია, და არა „მოყვასისადმი აგრესიული სიძულვილი“, რაშიც ამ „გარყვნილ“ ევროპას მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით, განვითარების ორიენტირი ევროოპტიმიზმი უნდა იყოს და ნაკლებად გაუგებარი სკეპტიციზმი!
სწორედ აღნიშნა ევროპულ სივრცეში ჩვენს მისიაზე, კოკო გამსახურდიამ, რომ ჩვენ ოდითგანვე ქვეყნიერების „ყურედ“ მოვიაზრებდით თავს, რაც სწორედ ევროპულ-ბიზანტიური სივრცის ფორპოსტობას ნიშნავს. ამ თემას გავავრცელებდი და ვიტყვი, რომ საქართველო მისი უძველესი ისტორიიდან და უძველეს ცივილიზაციებთან კვეთაში, უფრო მეტსაც, ცივილიზაციურ ჩამკეტ საზღვარსაც ნიშნავს!. ამას ხაზს იმიტომაც ვუსვამ, რომ სატრანსპორტო არტერიების ფლობასთან ერთად, ჩვენ არ ვყოფილვართ ოდენ „შუა ან სატრანსპორტო დერეფანი“ და ვერც ვიქნებოდით შავი ზღვის შეზღუდული გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე!
შემთხვევითი არც ის იყო, რომ საქართველო როდესაც ამ მისიის მატარებელი იყო, სულიერებასთან ერთად, ეკონომიკაც მძლავრი ჰქონდა და ცხოვრების დონითაც უმდიდრესი ქვეყანა იყო. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ ჩვ.წ 65 წელს როცა პომპეუსი ქართლში შემოვიდა, ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ დათანხმდა ზავს და ქართლი „მოკავშირედ და მეგობრად“ გამოაცხადა. ეს არის პერიოდი როდესაც რომი დანარჩენ მსოფლიოს ბარბაროსებად მოიხსენიებდა, ხოლო მაშინდელი ქართლის ცხოვრების დონეზე, მტკვარზე 50-ზე მეტი ხიდის არსებობაც ადასტურებს, რაც პომპეუსისთვის გაკვირვების და მოკავშირედ გამოცხადების ფაქტორი გახდა.
საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ მისიას და გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც ბოლოს რუსეთის იმპერიის ნაწილად ქცევისას დაკარგა, გასული საუკუნის 20-იან წლებში წითელი ოკუპაციის ჩათვლით, ხოლო „ქვეყნიერების ყურედ“ ქცევა არის არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობები ეკონომიკაში, არამედ მომავალი კეთილდღეობის და რაც მთავარია უსაფრთხოების გარანტიებიც, აქ ბევრს საერთოდ რომ არა ესმის!
ამიტომაც აღვნიშნე 8 ნოემბრის პოსტშიც, ბიზანტიის დაცემიდან ექვსი საუკუნის შემდეგ, ევროპის აქ შემოსვლით საქართველო რჩება კავკასიის ცივილიზაციის ცენტრად და ევროპის ბოლო კარიბჭედ!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.