დავით ჩიხელიძე: ლონდონში მიმდინარე დავის გარშემო რაც ხდება, ეს არ არის უბრალოდ ფინანსური პროცედურა ან ბანკის გადაწყვეტილება – ეს არის პროცესების რგოლი, რაც გარკვეულ ძალებს სურთ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი „დასაჯონ“, რადგან საქართველოს ინტერესები უცხოელი მოთამაშეების ახირებებზე წინ დააყენა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, ლონდონში მიმდინარე სამართლებრივ პროცესს აფასებს, როგორც „ფინანსურ საკითხად შენიღბულ პოლიტიკურ ზეწოლას“, რომლის მიზანი, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასჯაა საქართველოს სუვერენული პოლიტიკის გამო.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, პოლიტიკური სურათი უკვე გასაგებია. ეს არის მცდელობა, დაასუსტო ადამიანი, რომელმაც საქართველოს ინტერესები, უცხოურ ინტერესებზე მაღლა დააყენა.
„ლონდონში მიმდინარე დავის გარშემო რაც ხდება, უკვე ყველასთვის ნათელია: ეს არ არის უბრალოდ ფინანსური პროცედურა ან ბანკის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესების რგოლი, რაც გარკვეულ ძალებს სურთ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი „დასაჯონ“ რადგან საქართველოს ინტერესები უცხოელი მოთამაშეების ახირებებზე წინ დააყენა.
ბოლო წლების განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილზე ზეწოლა არ მოდის მხოლოდ კერძო კომპანიებიდან ან ბანკებიდან. ეს ნაბიჯები იმდენად თანმიმდევრულად, ერთ ხაზზეა აწყობილი, რომ მათი ახსნა მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით შეუძლებელია. როცა აქტივებს გიჩერებენ გაურკვეველი მიზეზების გარეშე, ხოლო რამდენიმე ინსტანციის მოგების შემდეგ აბსურდული მიზეზებით ჭიანურდება ფულის გადმოცემა, ეს უკვე ჩვეულებრივ დავას არ ჰგავს. პირიქით ქმედებები საეჭვოდ ემთხვევა იმ ჯგუფების პოლიტიკურ სურვილებს, რომლებმაც საქართველოში საკუთარი გავლენა დაკარგეს.
საინტერესოა რომ, ნებისმიერ საქმეზე, სადაც სამართლებრივი არგუმენტი არის გადამწყვეტი, ივანიშვილის მხარე ყოველთვის იგებს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს განცდას, რომ საქმე პოლიტიკურია და ის სამართლიანობის დაცვის პრინციპს არ ეფუძნება.
საქმის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარემ ლონდონში ფინალური განხილვის თარიღი, არა სასამართლოსგან, არამედ მედიასაშუალებებისგან გაიგო. საერთაშორისო სამართალში ეს იშვიათი და უხერხული პრაქტიკაა: ჩვეულებრივ, პირველ რიგში სწორედ მხარეებს აწვდიან ასეთ ინფორმაციას.
რჩება შთაბეჭდილება, რომ „დიფ სტეიტის“ სტრუქტურებმა, რომელთაც წლების განმავლობაში ჰქონდათ ინტერესი ივანიშვილზე ზეწოლა განეხორციელებინათ, წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია თავის ქართულ პარტნიორებსა და მათთან დაკავშირებულ მედიას.
ეს გარემოება არაფერს ამტკიცებს, მაგრამ ტოვებს განცდას, რომ გადაწყვეტილების თარიღის მედიისთვის მიწოდება, არის არა ტექნიკური შეცდომა, არამედ შესაძლო მინიშნება, რომ პროცესის ჩარევის მცდელობები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს ჩვენს წარმოდგენაშია.
მიუხედავად ამხელა ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური საშუალებების კონტროლს, ივანიშვილი მაინც განაგრძობს ქვეყნისთვის სტაბილურობის შენარჩუნებას, სოციალურ პროექტებს, საქველმოქმედო საქმიანობას. ეს ნიშნავს ერთ რამეს: რა შედეგიც არ უნდა დადგეს სასამართლოს მიერ, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დანებებას და ის კვლავ საქართველოს ინტერესების ერთგული იქნება!
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, პოლიტიკური სურათი უკვე გასაგებია. ეს არის მცდელობა, დაასუსტო ადამიანი, რომელმაც საქართველოს ინტერესები, უცხოურ ინტერესებზე მაღლა დააყენა!“ – წერს ჩიხელიძე.