“აფხაზეთის მთებში ჰოკეის ნაკრები დაიკარგა, მწვრთნელი – სოლოვიოვია” – აფხაზეთში ე.წ. შსს-ს დასცინიან
ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე – თენგიზ ჯოპუა სოციალურ ქსელში კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, თითქოს აფხაზეთში “საქართველოდან 50-კაციანი დივერსანტთა ჯგუფი შევიდა”, რომლის მიზანია “სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა”.
”აფხაზეთის მთებში ჰოკეის ნაკრები დაიკარგა. ძლიერი გარეგნობის არიან, M4-ის ჰოკეის ციგურებით, უცხოური წარმოების ჩაფხუტებსა და ჰოკეის ნიღბებში. ამ დებილების მპოვნელებმა, უჩვენეთ მათ გზა ზღვისკენ. ნაკრების მწვრთნელი – სოლოვიოვია”, – წერს ჯოპუა.
აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით,ლ აფხაზეთის ე.წ.შსს გულრიფშის რაიონში მართლაც ეძებდა 7-კაციან შეიარაღებულ ჯგუფს, რომლებიც, როგორც ე.წ.უწყებაში ამბობენ, ადგილობრივმა მონადირეებმა შენიშნეს.
გამთენიისას კი გაირკვა, რომ “დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა”.