ევროკავშირმა სომხეთში ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, არჩევნების შედეგებს პატივი სცენ

ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც 7 ივნისს სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, ყველა პოლიტიკურ ფიგურას მოუწოდა, კენჭისყრის შედეგებს პატივი სცენ.

ევროკავშირმა განცხადებაში მიულოცა სომხეთის მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის სუვერენული დემოკრატიული უფლების გამოყენება და სამოქალაქო ჩართულობის მაღალი დონე შეაქო.

„კენჭისყრა აჩვენებს სომხეთის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, მშვიდობისა და რეგიონში გაფართოებული თანამშრომლობის, ასევე ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების საფუძველზე, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ძალიან პოლარიზებული იყო, არჩევნები ინკლუზიურად ჩატარდა.

„საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის, ზეწოლისა და მიმდინარე ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა, მათ შორის ეკონომიკური იძულების გზით, რაც მიზნად ისახავდა დემოკრატიული პროცესის ძირის გამოთხრას და პოლარიზაციის გაღვივებას. მიუხედავად ამისა, არჩევნები ასახავს სომხეთის დემოკრატიულ მდგრადობას და მის პროგრესს რეფორმების გზაზე. მათ ასევე ხაზი გაუსვეს სომეხი ხალხის ერთგულებას ევროპული ღირებულებების, მშვიდობიანი პოლიტიკური მონაწილეობის და სტაბილური, უსაფრთხო და აყვავებული მომავლისადმი მათ მისწრაფებებს“, – აღნიშნა ევროკავშირმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ აშკარა უპირატესობას აჩვენებს.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს, დემოკრატიულ პროცედურებს და გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის განსახილველად. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთს და მის ხალხს და კვლავ ერთგული რჩება სომხეთის დემოკრატიულ გზაზე მხარდაჭერისა და ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების. ჩვენ მოუთმენლად ველით სომხეთის მომავალ მთავრობასთან და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მათი ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად, რეგიონული მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და კავშირის ხელშეწყობის, ასევე სომხეთის სუვერენიტეტის, მდგრადობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები