ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტის
შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ოჯახი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ადანაშაულებს.
როგორც გარდაცვლილის და სოციალურ ქსელში წერს, მისი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
“მსურს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს ვაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ კლინიკაში დაგვტრიალდა. ჩემი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
გარდა სამედიცინო გულგრილობისა, კლინიკაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნახვის უფლებას არ გვაძლევდნენ და გვაწამებდნენ. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას უფრთხილდით ამ კლინიკას!”- წერს გარდაცვლილი მოზარდის და.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.