შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან, სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სრული კარტბლანში ჰქონდათ მიცემული ყველაფრისთვის – წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის.

„უკვე დიდი ხანია ვარდისფერი სათვალეები მოვიხსენით და რეალურად ვუყურებთ, თუ რა ხდება ბრიუსელში, რა მოდის იქიდან. ერთი რამ საზოგადოებამაც მგონი კარგად დაინახა, ყველა ეს ნაბიჯი, რასაც ვაკვირდებით, ყველა ეს თავდასხმა საქართველოზე და ა.შ. მიმართულია ერთი რამისკენ, რომ საქართველოში მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული ხელისუფლება.

ეს არის ერთადერთი მიზანი და ებრძვიან ყველაფერ იმას, რაც ხელს უშლის ამ მიზნის განხორციელებას. სხვადასხვა რამ შესაძლოა იყოს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ამ მხრივ მთავარი სამიზნეა, ვინაიდან ის არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში ყველაფრისთვის, წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის.

ყველაფერზე ჰქონდა მიცემული ლიცენზია, რომ მას შეეძლო გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილმა ყველა ლოგიკის საწინააღმდეგოდ შეძლო ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მობილიზებით 2012 წელს ამ დიქტატორული რეჟიმის დამარცხება და რა თქმა უნდა, მასში ხედავენ ისინი მთავარ საფრთხეს, რომ ვერ შეძლებენ დაბრუნებას იმავე მარიონეტული რეჟიმისა საქართველოს ხელისუფლებაში.

დღეს საუბრობენ მის ჩართულობაზე, რჩევებს ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან. გვსაყვედურობენ ადამიანები, რომლებიც რჩევას ეკითხებიან რასა იუკნევიჩიანეს და მარკეტა გრეგოროვას. ეს ადამიანები გვსაყვედურობენ, რჩევა არ ჰკითხოთ ბიძინა ივანიშვილსო. ხომ აკვირდებით საერთოდ რა ხალხთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც სხედან საელჩოებში და იღებენ საელჩოებიდან პირდაპირ რჩევა-მითითებებს, როგორ მოიქცნენ, როგორი პარტიული კონფიგურაცია ჰქონდეთ.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, არაერთხელ მითქვამს, ეს ქვეყანა პატარა რომ არის და ყველა ყველას იცნობს, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამ ქვეყანაში არაფერი იმალება. არც ის იმალება, რას საუბრობს სხვადასხვა ელჩი, ვისთან როგორ, იმიტომ, რომ პატარაა ეს ქვეყანა, ყველა ყველას იცნობს. იმ საელჩოებშიც ქართველები მუშაობენ და იქაც მუშაობენ პატრიოტები. ასე რომ არაფერი იმალება.

ძალიან კარგად გამოდის ყველაფერი, როგორ ულაგებენ, სად გაერთიანდნენ, ვისთან გაერთიანდნენ, როგორი სტრატეგია ჰქონდეთ, ტაქტიკა. ვინ ეკითხება ელჩს, ვინ ეკითხება ევროპარლამენტარს სხვა ქვეყანაში ასეთი კონფიგურაციების შექმნას?!“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები