დავით სონღულაშვილი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის სამუშაო განხილვა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

„ეს პროცესი აბსოლუტურად ღიაა და ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რათა ბაზარი მთლიან ჯაჭვში, მიწოდებისა და მოხმარების ნაწილში ერთნაირად მოვაწესრიგოთ. ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მკაფიოდ განასხვაოს პროდუქტები და იყოს ინფორმირებული, რას ყიდულობს. არ ვზღუდავთ არც ერთ პროდუქტს. პირიქით, ვაძლიერებთ ქართულ რძის სექტორს და ვეხმარებით ფერმერებს განვითარებაში. მნიშვნელოვანია როგორც მიწოდების, ისე მოხმარების ბაზრის მოწესრიგება და ფერმერული მეურნეობების განვითარება. ვზრდით სახელმწიფოს თანამონაწილეობას და ვუჭერთ მხარს ფერმერებს, რათა მცირე მეურნეობებიდან გადავიდეთ უფრო განვითარებულ, თანამედროვე ტიპის ფერმერულ მეურნეობებზე“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.

გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას. სურსათის ეროვნული სააგენტო გაამკაცრებს მონიტორინგს HoReCa სექტორში, აგრარულ ბაზრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში. ასევე გადაიხედება შესაბამისი რეგულაციები, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგისტრაციის სტატუსის არასათანადო გამოყენება. პარალელურად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული პროდუქტების, მათ შორის ყველისა და მაწვნის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების პოპულარიზაციას.

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მხარს უჭერენ ინიციატივას და მზად არიან პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ინიციატივას და მზად ვართ, ეს საქმე ერთობლივად მივიყვანოთ ბოლომდე. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს კონტროლი როგორც ვაჭრობის სხვადასხვა რგოლში, ისე საწარმოებში, რათა გამოირიცხოს ფალსიფიკაციის შემთხვევები. პარალელურად საჭიროა ბალანსი, არცერთი სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტი არ უნდა დაიჩაგროს და ყურადღება უნდა გამახვილდეს ქართული ნედლი რძის პოპულარიზაციაზე“, – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კონიაშვილმა.

სამინისტრო რეფორმის ეტაპობრივ დანერგვას გეგმავს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ორგანიზებული, ისე საცალო ვაჭრობის სივრცეების სრულფასოვანი მოწესრიგება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები