ქართული ფილმების რეტროსპექტივა ამერიკაში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი – ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი 23 სექტემბრიდან ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ამ თემასთან დაკავშირებით, 11 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე გაუძღვებიან.
აშშ-ში გამართული მასშტაბური რეტროსპექტივის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 45-მდე ქართული ფილმი – როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე ახალი ქართული ფილმები.
„საუკუნის პროექტზე“ მუშაობა თითქმის 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ფილმების მსგავსი მასშტაბური რეტროსპექტივა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზში, პომპიდუს ცენტრში გაიმართა.
ნიუ-იორკისა და ბერკლის შემდეგ, 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება ვაშინგტონსა და ტორონტოს სინემათეკში შედგება. ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი .
რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საელჩო აშშ-ში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები