„მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, პატივი სცენ ჩვენი თანამოქალაქეების რწმენას“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გუშინ ქობულეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. სესიაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მუსლიმთა რწმენას და მათ აღმსარებლობას პატივი სცენ. მისივე განმარტებით, ქობულეთში განვითარებული მოვლენები მიუღებელია ქართული კულტურისთვის, ტრადიციებისთვის და ჩვენი ცხოვრების წესისთვის.
“ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მართლმადიდებლურ მრწამსს. ამიტომ მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, პატივი სცენ ჩვენი თანამოქალაქეების რწმენას და მათ აღმსარებლობას. ეს მიუღებელია და პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ავნებს “, – მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს.
გუშინ ქობულეთის მოსახლეობამ სახლს, სადაც, მათი მტკიცებით, მედრესე უნდა აშენდეს, ღორის თავი მიამაგრა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. მოსახლეობა სასწავლებლის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ თურქეთის მოქალაქე უკანონობას სჩადის. “თურქეთის მოქალაქემ ჩვენი მეზობლის სახლი შეიძინა. მასთან ურთიერთობისას გაირკვა, რომ ის აშენებს სასტუმროს და ოფისს, ჩვენ მას ეს ფაქტი მივულოცეთ, მაგრამ შემდგომ გაირკვა, რომ ის მედრესეს, ანუ მუსლიმანურ სასწავლო ცენტრს აშენებს. ეს კანონით აკრძალულია. მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით უკვე შეიპირა 45 ბავშვი, რომ აქ მიაღებინოს განათლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემა. ქობულეთის გამგებლის განმარტებით, მედრესეს მშენებლობა უკანონოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები