საქართველოს პრეზიდენტ-პრემიერის გაეროში ერთად გამგზავრება დააზარალებს – ექსპერტთა შეფასებები
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოზიციას არ ცვლის და ის აშშ-ში, გაეროს ასამბლეაზე ვიზიტისთვის ემზადება. დღესვე, პრემერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაეროს ასამბლეაზე აუცილებლად გაემგზავრება. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უკვე გამოითქვა მოსაზრებები, რომ აშშ-ში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულობას შექმნის და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. ექსპერტ ზურაბ ბიგვავას პრეზიდენტის სიჯიუტე უკვირს და „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილის სიჯიუტე ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგის მომტანია. ექსპერტის შეფასებით, გაეროს ასამბლეაზე ორი დელეგაციის გამგზავრება დაადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში რაღაც გაუგებრობაა.
“ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით ორი დელეგაციის გამგზავრება არანაირი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, მითუმეტეს, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის. ეს, ერთი მხრივ, დაადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში რაღაც გაუგებრობა ხდება. ასამბლეაზე 93 ქვეყნა ჩადის და აქედან მხოლოდ ჩვენ ვიქნებით გამორჩეული, რადგან ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა ორი უმაღლესი პირით იქნება წარმოდგენილი. ძალიან მიკვირს გიორგი მარგველაშვილის სიჯიუტე. ამჯერად ეს სიჯიუტე უარყოფითი შედეგის მომტანია, რაც მარგველაშვილმა თვითონაც კარგად უნდა იცოდეს. როგორც მე მის კომენტარს მოვკარი ყური, მას მიაჩნია, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს შევიწროვებული. თუკი მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის შევიწროვებული, მაშინ თავის დროზე, როდესაც ის თანხმდებოდა პრეზიდენტის სტატუსს, ამ კონსტიტუციის პირობებში მაშინ უნდა ეფიქრა ამაზე“, – განაცხადა ბიგვავამ.
ექსპერტის აზრით, გაეროს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი უნდა გაემგზავროს, რადგან დღევანდელი კონსტიტუციით მას მეტი უფლებები აქვს. უფრო კონკრეტულად რა თვალსაზრისით შეილახება საქართველოს იმიჯი, ამის შესახებ „კვირას“ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლებაზე დარჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არასერიოზულები არიან. შესაბამისად, ლაგაზიძის თქმით, ქვეყანას აღიქვამენ, როგორც არასერიოზულ პარტნიორს.
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა განსაკუთრებულ ზიანს მოიტანს, თუმცა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირება არათუ ზიანის მომტანი, დამანგრეველი შეიძლება იყოს საქართველოს იმიჯისთვის ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით კი ამცირებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. დარჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ჰყავს არასერიოზული ხელისუფლება, რომელიც შესაბამისად არასერიოზული პარტნიორი იქნება“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.
ექსპერტი იმ მოსაზრებასაც ეთანხმება, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის აშშ-ში ერთდროულად გამგზავრება უხერხულობებს შექმნის.
ლაგაზიძის აზრით, ვითარებიდან ყველაზე ღირსეული გამოსავალი იქნება, თუკი ამერიკაში ერთი დელეგაცია გამგზავრება, რომლის შემადგენლობაშიც იქნება პრემიერიც და პრეზიდენტიც. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ამერიკაში ორი დელეგაციის გამგზავრების შემთხვევაში მასპინძელი მხარისთვის ტექნიკური პრობლემების შექმნის თაობაზე საუბრობს. დეპუტატის შეფასებით, მიმღებ მხარეს პრობლემა ექმნება თვითმფრინავის მომსახურების, ესკორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ავლაბრის რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტს გააცნოო საკუთარ პოზიცია, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია. როგორც თავად ფანჯიკიძემ განაცხადა, მას სურდა, დაერწმუნებინა პრეზიდენტი, რომ გაერო-ში ორი დელგაციის წასვლა მიზანშეწონილი არ არის. თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განცახადა, რომ პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის და ვიზიტისთვის მზადება გრძელდება. გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის დაგეგმლი. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. პრეზიდენტს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით ისევ პრინციპული პოზიცია აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ქვეყნის პირველი პირის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აქედან გამომდინარე, ფხალაძის განმარტებით, პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება. “პრეზიდენტს აქვს ისევ პრინციპული პოზიცია. დანარჩენ ყველა დეტალს მოგახსენებთ მოგვიანებით. ვადასტურებ, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა რა შეხვედრები დაიგეგმება და სხვა დეტალები, გეცოდინებათ მოგვიანებით”, – აღნიშნა ფხალაძემ. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, მაია ფანჯიკიძესთან კიდევ გაიმართოს შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, წავა თუ არა პრეზიდენტი გაერო-ში, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია იქნება. “საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით უაღრესად კმაყოფილია. განიხილეს, როგორ იქნას გაერო-ზე სახელმწიფო ინსტიტუტები ღირსეულად წარმოდგენილი, თუმცა დეტალებს ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით”, – აღნიშნა ფხალაძემ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს კი არ დაუკონკრეტებია, დაარწმუნა თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. “ვეცდებით, ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ყველასთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის იქნება მისაღები”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკაში გაემგზავრების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” იმ თემის კომენტირებისას ისაუბრა, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრებას უკავშირდება. მარგველაშვილის თქმით, ამერიკაში მის ვიზიტზე ინტენსიური მუშაობა გრძელდება. “ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ, რომ საგარეო – პოლიტიკურ კურსს, კონსტიტუციის მიხედვით, აყალიბებს პარლამენტი. მეც, მათ შორის, პარლამენტის მიერ მიღებული კურსის ფარგლებში ვმოქმედებ. ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად. რაღაც სირთულეები კომუნიკაციაში არის, ეს ნორმალურია, ახალი კონსტიტუციაა, ხდება მისი მოთელვა, როლების მოთელვა – ეს ნორმალურია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრსაც წარმატებულ ვიზიტს უსურვებს გაერო-ში. ამასთან, საქართველოს მთავრობის წევრები, მმართველი გუნდის წარმომადგენლები და თავად პრემიერი აცხადებენ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრება.